რამდენიმე დღის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ნონა მამულაშვილი „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში დავით ლორიას ფიზიკურად დაუპირსპირდა. გადაცემაში განიხილავდნენ უკრაინაში რუსეთის ომს, რა დროსაც ლორიამ თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს აშშ-ის და ევროკავშირის ლიდერებისთვის უნდა დაეჯერებინა, რომ ნატო კონფლიქტში ვერ ჩაერეოდა, რაზეც მამულაშვილმა ჰკითხა, რა უნდა ექნა უკრაინას.
უფლებადამცველმა დავით ლორიამ მამულაშვილს ასე მიმართა:
“არ უნდა აომოთ იქ ხალხი, არ უნდა მიიყვანოთ იქამდე… შენ ხარ უსინდისო ადამიანი და ქუჩის ქალი”, რასაც მამულაშვილის აღშფოთება მოჰყვა.
მოგვიანებით, მამულაშვილმა გადაცემაში მომხდარ ინციდენტზე განმარტება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გააკეთა, თუმცა განმარტებების გაკეთება დღეს, პარლამენტის წინ მისულ რიგით მოქალაქეებთანაც მოუწია.
“პარლამენტარი უნდა იქცეოდეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ყველა მტერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი.
არ აქვს მნიშვნელობა, თამარ მეფე იყო ქალი, მაია წყნეთელი – ყველა იბრძოდნენ და თქვენ, მაგ დროს რომ ყოფილიყავით, მაშინ მაგათაც ეტყოდით, არ არის სირცხვილიო”, – თქვა ნონა მამულაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის წინ, დღეს “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ დაანონსებული აქცია “თავისუფლების დღე” უნდა გაიმართოს.