LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე… უკრაინის მთავრობამ სააკაშვილი, უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე უნდა გაცვალოს: ნონა მამულაშვილი

148
ნონა მამულაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, „მიხეილ სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე, უკრაინის მთავრობამ ტყვეების გაცვლის პრინციპის მიხედვით გამოიხსნას“.

ნონა მამულაშვილი წერს, რომ „მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ტყვეა და ის უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე უნდა გაიცვალოს“.

„დღეს უკვე ყველა, ვისაც თვალები გვაქვს და ინფორმაციის გადამუშავება შეგვიძლია, ვხვდებით, რომ გადავიქეცით რუსეთის სატელიტ სახელმწიფოდ, რუსეთის უკანა ეზოდ. ქვეყნად, სადაც მოძმე უკრაინის პრეზიდენტის, თავისუფალი სამყაროს მორალური ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით – დასცინიან და აქილიკებენ, ქართული სახელისა და გვარის მქონე რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები.

ჩვენი ოკუპანტის – რუსეთის, მთავარი მტერი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში კვდება. ის ფიზიკურად საქართველოშია, თუმცა რუსეთის პატიმრობაში იმყოფება. ის რომ ქართული ციხე სინამდვილეში რუსეთის კაგებეს საკანია ბოლო კადრებმაც თვალსაჩინო გახადა ყველასთვის.

მისი გადაყვანის, თუ არ გადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს არა მოსამართლე, არა კობახიძე, არა ბიძინა, არამედ რუსეთის ხელისუფლება, ვლადიმერ პუტინი.

სცენარი იგივეა, რაც 90-იან წლებში უკვე გამოვიარეთ: ქართული საზოგადოების დახლეჩვა და ერთმანეთზე გადაკიდება, ცნობილი რუსული პრინციპით ნაკარნახევი რომ – რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ ტანკით, იმას თავად გააკეთებენ ქართველები ერთმანეთთან დაპირისპირებით.

ჩვენ არ გვაქვს უფლება გულხელდაკრეფილი ვიჯდეთ და ოლიგარქიულ რეჟიმს გავანადგურებინოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მომავალი. ქართველმა ხალხმა არ უნდა იაროს იმ ტვირთით, რაც ინერტულობის გამო, 30 წელიწადში მეორე პრეზიდენტის მკვლელობას ნიშნავს.
ყოველნაირი იმედი, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გადაიყვანს და გადაარჩენს, ფუჭია! ყოველნაირი იმედი, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ფუჭია! სალომე ზურაბიშვილი დღეს იმავე მორალურ პოზიციაზეა, რაზეც 1992 წლის 7 იანვარს იყო, როცა მან თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანსა და თენგიზ სიგუას მადლობა გადაუხადა კანონიერი ხელისუფლების დამხობისთვის.

ჩვენ დღეს ყველა ომში ვართ, როგორც არ უნდა გვიძახოს ხელისუფლებამ რომ ომი ავიცილეთ. ომს თავისი პირობები აქვს. მათ შორის საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ტყვეობიდან დახსნასაც. მით უმეტეს იმ მოქალაქეების, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ქვეყნის გარდაქმნასა და შენებაში.

სწორედ ამიტომ, მივმართავ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, და უკრაინის ხელისუფლებას, დრო არ დაკარგონ მარიონეტულ ხელისუფლებასთან საუბრით, არამედ ესაუბრონ ამ მარიონეტების რუს ხელმძღვანელობას.

მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე, ის უბრალოდ ფიზიკურად იმყოფება საქართველოში. და ის, როგორც უკრაინის მოქალაქე, უკრაინის მთავრობამ უნდა გამოიხსნას ტყვეების გაცვლის პრინციპის მიხედვით. სააკაშვილი უნდა გაიცვალოს უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე.

ამ თხოვნით ჩვენ მივმართავთ უკრაინის პრეზიდენტსა და უკრაინის მთავრობას, რომლებთან აქტიურ შეხვედრებსაც უმოკლეს დროში დავიწყებთ“, – წერს ნონა მამულაშვილი.

 

დღეს უკვე ყველა, ვისაც თვალები გვაქვს და ინფორმაციის გადამუშავება შეგვიძლია, ვხვდებით, რომ გადავიქეცით რუსეთის სატელიტ…

Posted by Nona Mamulashvili / ნონა მამულაშვილი on Friday, 23 December 2022

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები