ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა.
ვარკეთილში ორ მოქალაქეს ხე დაეცა – დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს
თბილისის მერიის ინფორმაციით, არის ხეების წაქცევის, ხის ტოტების მტვრევისა და სახურავების დაზიანების ფაქტები.
როგორც მერიაში აცხადებენ, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ:
“ძლიერმა ქარმა კრწანისის რაიონში ისტორიულ ძეგლს სახურავი გადახადა და შენობის ფრაგმენტი ჩამოიშალა.
ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები სრული დატვირთვით მუშაობენ. თბილისის ათივე რაიონის გამგეობის თანამშრომლები შემთხვევის ადგილას იმყოფებიან და დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარებიან. ამასთან, „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს ტერიტორიიდან დამტვრეული ხეები და ხის ტოტები გააქვთ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში ძლიერი ქარი მოსალოდნელია ასევე 13 აპრილს.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა დროებით ჩამოხსნილია და ამინდის გაუმჯობესებისთანავე დროშა კვლავ აღიმართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, უამინდობისგან შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.