დღეს გადაცემა “კანონის ფარგლებში” მორიგ აქტუალურ თემაზე ვსაუბრობთ. იურისტმა თინათინ ჭიხორიამ მოგვაწოდა ინფორმაცია შვილად აყვანის დეტალებზე.
რა ეტაპები უნდა გაიაროს მსურველმა, რა დოკუმენტები სჭირდება, რა არის ამ პროცესში მთავარი პრობლემა – “ფორტუნას” ამ კითხვებზე იურისტი გვპასუხობს:
“პროცესში მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოა ჩართული, თუმცა არსებობს მშვილებელთა და გასაშვილებელთა ერთიანი რეესტრი, ამის გარეთ პროცესი კანონით ისჯება. რაც შეეხება საკითხს, ვის აქვს შვილად აყვანის უფლება – ეს შეუძლია ოჯახსაც და მარტო მცხოვრებ პირსაც. აუცილებელია მოქალაქეებმა წარადგინონ ცნობა ნასამართლობის, ჯანმრთელობის, შემოსავლების შესახებ. მთავარი პრობლემა არის ვადები. გასაშვილებელთა სტატუსის მინიჭების შემდეგ, 8 თვის მანძილზე თუ ის ვერ გაშვილდა საქართველოში, შემდეგ უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაშვილდება. ეს არ ნიშნავს, რომ ბიოლოგიური მშობლის გამოჩენას ელოდებიან, ეს უფრო ბიუროკრატიული პროცესებია, განსაზღვრულია ასევე მშვილებელთა ასაკი. თუ გამოჩნდა მშობელი სასამართლო პროცესის დროს, შეწყდება ეს პროცესი და ბავშვი დედას უბრუნდება. თუ სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია და ჯერ ძალაში არ შესულა ან უკვე მოქმედებს, ასეთ დროს მარტივად არ ხდება ყველაფერი. თუ მშვილებელს რაიმე პრობლემა აქვს და აღარ შეუძლია მოვლა, ასეთ დროს მიჰყავს ბავშვი დედას. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია, საწყის ეტაპზევე იურისტთან კონსულტაცია, რომ ყველა დოკუმენტი მომზადდეს, რათა მოქალაქეებს პრობლემები არ შეექმნათ”, – ამბობს ჭიხორია.