რუსეთზე დამოკიდებულებისა და ენერგომოხმარების შესამცირებლად, ევროკომისია და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებენ, მოერიდონ ავტომობილების გამოყენებას და ახლო მანძილზე ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდნენ, საჭიროების შემთხვევაში კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ. გარდა ამისა, ევროკავშირი მოუწოდებს მოსახლეობას, ზამთარში თუნდაც 1 გრადუსით დაუწიონ გათბობას, ზაფხულში კონდიციონერი ნაკლებად გამოიყენონ; კვირაში სამი დღე კი სახლიდან, დისტანციურად იმუშაონ.
კომისიის შეფასებით, ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, თითოეული ოჯახი ყოველწლიურად საშუალოდ 500 ევროს დაზოგვას შეძლებს.
იმ შემთხვევაში კი, თუ რეკომენდაციებს ევროკავშირის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაითვალისწინებს, ყოველწლიურად 220 მილიონი ბარელი ნავთობის და 17 მილიარდი კუბური მეტრი გაზის დაზოგვა იქნება შესაძლებელი.