უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ნავთობისა და გაზის საფასურის გადასახდელად მოსკოვის მიერ შემუშავებულ გადახდის სქემას გამოიყენებს.
„ჩვენთვის მოწოდებული გაზის 85% და ნავთობის 65% რუსეთზე მოდის. რატომ? ამას ინფრასტრუქტურა განსაზღვრავს. ჩვენ არ აგვირჩევია ეს სიტუაცია“, – განუცხადა მან CNN-ს.
მისი თქმით, არ არსებობს ალტერნატიული წყაროები ან მარშრუტები, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს, შეაჩერონ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.
რუსული გადახდის სქემის მიხედვით, ენერგორესურსების იმპორტიორებს „გაზპრომბანკში“ ორი საბანკო ანგარიშის გახსნა უწევთ – უცხოური ვალუტის ანგარიშისა და რუბლის ანგარიშის. გაყიდვიდან შემოსული თანხების გადახდა უცხოურ ვალუტაში (დოლარი ან ევრო) ხდება, შემდეგ „გაზპრომბანკი“ მის კონვერტაციას რუბლის ანგარიშზე ახორციელებს.