LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დენისოვა: რუსები ტყვედ აყვანილ უკრაინელებს თავზე ტომრებს აცვამდნენ, თვალებს უხვევდნენ, ხელებს უბამდნენ და ბენზოხერხს რთავდნენ

313
უკრაინელი ტყვეები

„რუსი დამპყრობლები დატყვევებულ უკრაინელ სამხედროებს ხელებისა და თითების მოკვეთით დაემუქრნენ“, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ Onet-თან ინტერვიუში ისაუბრა.

უკრაინის სახალხო დამცველის თქმით, 100-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვეობიდან გათავისუფლებულია.

როგორც უკრაინული მედია წერს, წამების გამო ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი სამხედროები საშინელ მდგომარეობაში ბრუნდებიან, მათ ფსიქიკური დახმარება სჭირდებათ.

„ჩვენთან ისინი საშინელ მდგომარეობაში ხვდებიან“, – განაცხადა დენისოვამ.

მისი თქმით, სამხედროების ნაწილი ტყვედ მარიუპოლში აიყვანეს და მათ „კადიროველები“ აწამებდნენ.

„მათ თავზე ტომრებს აცვამდნენ, თვალებს წებოვანი ლენტით უხვევდნენ, ხელებს მაგიდაზე უბამდნენ და ბენზოხერხს რთავდნენ. ადამიანებს არ შეეძლოთ იმის გაგებაც კი რომელი თითისა თუ ხელის მოჭრას უპირებდნენ. მათ მხოლოდ ეს საშინელი ხმა ესმოდათ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ამის შემდეგ ტყვეები მიჰყავდათ ოკუპირებულ დონეცკში, სადაც ისინი წყლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე ჰყავდათ.

მისივე განმარტებით, ორი ადამიანი საშინელ მდგომარეობაში იყო და მათ ტკივილგამაყუჩებელიც კი არ მისცეს.

„შემდეგ ეს ტყვეები გაჰყავდათ როსტოვში, კურსკში, ტაგანროგში, ბრიანსკში. ერთი თვის განმავლობაში მათ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები ჰკითხავდნენ. 30 ადამიანზე 1,5 ლიტრი წყალი მოდიოდა დღე-ღამის განმავლობაში. მათ გამუდმებით ამცირებდნენ, არ გაჰყავდათ ტუალეტში“, – განაცხადა დენისოვამ.

სახალხო დამცველის თქმით, ადამიანები საჭიროებენ ფსიქოლოგიურ დახმარებას, აქვთ ბევრნაირი აშლილობა და ტყვეობის შემდეგ მკურნალობას გადიან.

დენისოვამ წამების კიდევ ერთ ხერხზე ისაუბრა, როდესაც ტყვეების ჩექმებს წყლით ავსებდნენ, სამხედროებს კვლავ ფეხზე აცმევდნენ და ყინვაში რამდენიმე დღით გარეთ ტოვებდნენ, რათა მათ კიდურები მოყინვოდათ.

ომბუდსმენის თქმით, ამცირებდნენ ქალ სამხედროებსაც, რომლებიც მათ ტყვედ აიყვანეს.

„მათ თავი გადაპარსეს და აშიშვლებდნენ მამაკაცების თანდასწრებით“, – განაცხადა დენისოვამ.

 

პოპულარულები