„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და თქვა, რომ ახლა ყველა ერთად ელოდება დამოუკიდებელი ექსპერტების შესვლას მესამე პრეზიდენტთან და მათ დასკვნას.
ეკა ხერხეულიძემ “ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ სირცხვილია, როდესაც კონსტიტუციონალისტი ამგვარ განცხადებას აკეთებს.
კობახიძე სააკაშვილზე: საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია
„კობახიძის განცხადება ჩვეულებრივი ამბავია, „ქართული ოცნების” მახასიათებელია. მათ უკონტროლო განცხადებებზე პასუხის გაცემა თვითონ ჩვენ გვაგდებს უხერხულ მდგომარეობაში. ახლა რას ამბობს კობახიძე თავის განცხადებაში, რომ საქართველოს ჰყავდა პრეზიდენტი, რომელიც 9500 პატიმარზე უარესია, ანუ ყველა მძიმე დანაშაულის მატარებელ პატიმარზე, რომლებიც სასჯელს იხდიან, პედოფილიაზე, მკვლელობაზე, ყაჩაღობასა და ქურდობაზე – მიხეილ სააკაშვილი მათზე უარესია? რა უნდა ვუპასუხო ამას გარდა იმისა, რომ რეგვენია და კონსტიტუციონალისტი საკუთარ ქვეყანას არ შეიძლება ამას აკადრებდეს.
არ ვიცი, ვერ გეტყვით მის თავში რა ტრიალებს. ფაქტია, ეს არის სამარცხვინო და პარლამენტარი, მით უმეტეს სპიკერი ამგვარ განცხადებას აკეთებდეს არ შეიძლება”,-განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარეგნული დათვალიერებით არანაირი ცვლილება არ შეინიშნება.
„საავადმყოფოში შემოსვლის შემდეგაც წონა დაკარგული აქვს. აქედან გამომდინარე, ველოდებით ისიც, მეც და ყველა გულშემატკივარი ექსპერტიზის ჩართულობასა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. იმედი მაქვს, ხვალიდან ექსპერტებს დაუშვებენ იმისთვის, რომ ალტერნატიულმა კომისიამ და აქ არსებულმა ექიმებმა ერთად შეჯერებული დასკვნა დადონ, რის საფუძველზეც გადაწყდება მიხეილ სააკაშვილმა როგორ უნდა იმკურნალოს. გარეგნული დათვალიერებით, მას უკეთესობისკენ არანაირი ცვლილება არ აქვს”, – აღნიშნა ხერხეულიძემ.