ბოლო დროს არაერთ გახმაურებული საქმე გვახსოვს, რომელიც იურისტების და საზოგადოების ნაწილმა მედიაზე ზეწოლად შეაფასა, თუმცა ბოლო შემთხვევა, როცა გირაოთი ან მსგავსი გადაწყვეტილებით საქმე არ დასრულებულა და მედია მენეჯერი ციხეში ჩასვეს, ნიკა გვარამიას შემთხვევაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს თემა განგვეზოგადებინა და დეტალებზე “საიას” თავმჯდომარესთან – ნიკა სიმონიშვილთან გვესაუბრა
– რას ნიშნავს ქვეყნისთვის, როცა აკავებენ მედიამენეჯერს და მსგავსი პრეცედენტი თუ გახსენდებათ, სად?
– ჩვენ ვთქვით, რომ ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურად მოტივირებული და დაუსაბუთებელი. აქ იყო ორი ეპიზოდი. ორივეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. ერთ კი დაახლოებით 7 მილიონამდე შეეძლო რუსთავი 2-ს მიეღო და რადგან ვერ მიიღო, გვარამიას ბრალი წარუდგინეს და ამაზე 50 ათასი ლარის ჯარიმა შეუფარდა, რაც შეეხება ავტომობილის მოხმარებას, ამაზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. მნიშვნელოვანია შინაარსი. იმისთვის, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს კომპანიის დირექტორს, უნდა დაადასტუროს მოსამართლემ ან უნდა დაადასტუროს, რომ ნიკა გვარამიამ ის თანხა ჯიბეში ჩაიდო. ამაზე არავითარი მტკიცებულება არ არსებობდა, რომ კომპანიას ან ზიანი მიადგა ან დირექტორმა ჯიბეში ჩაიდო. ყველა იურისტი ვთანხმდებით, რომ სამართლებრივად ბრალდების შინაარსი არის აბსურდული. კიდევ ერთი – ეს საქმე განიხილა მოსამართლემ, რომელიც რუსთავი 2-ის მენეჯმენტთან დაახლოებული პირია. ეს არის ინტერესთა კონფლიქტი.
– მსგავსი შემთხვევები როგორი ტიპის ქვეყნებში გვხვდება?
– მე შემიძლია გითხრათ, რომ დემოკრატიულ ქვეყანასთან არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც ხელისუფლება სჩადის. პირდაპირ პოლიტიკური პროცესებით იყო ეს ყველაფერი ნაკარნახევი. საქმე ისე დაიწყო, ისე შეჩერდა, ისე განახლდა, ამაზე გავლენას ახდენდა პოლიტიკური პროცესები. ჩემს კოლეგებთან უცხოეთში მქონდა ამაზე კომუნიკაცია და მათთვისაც გაუგებარია, როგორ შეუძლებელია ასეთ საკითხზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს . ჩვენ პირველად არ ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ პოლიტიზებული მართლმსაჯულება გამოიყენა მედიის მიმართ. ეს იქნებოდა ფორმულას შემთხვევაში , ასევე ტვ პირველის შემთხვევაში , ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე. აქაც დაუსაბუთებელი იყო ის გადაწყვეტილება, რაც იყო.
– ანუ რა გამოდის, რომ დღეს მედიის, ჟურნალისტების უფლებები დაცული არ არის?
– როცა ვსაუბრობთ მედიის უფლებებზე, პირდაპირ ვიტყვი, იქ, სადაც კრიტიკულ მედიას ებრძვის ხელისუფლება, იქ, სადაც მედიას თავს ესხმიან და ხელისუფლება არაფერს აკეთეს და ახალისებს, ეს არაა დემოკრატია. ეს არის ავტორიტარიზმი. ამას აკეთებს იმის გამო, რომ მას არ სურს ჰყავდეს ისეთი ადამიანები, რომლებიც მათ საქციელს გააკრიტიკებენ. ამ ყველაფრიდან ცხადია, რომ ხელისუფლების პირდაპირი სამიზნეა კრიტიკული მედია.