რა არის იპოქონდრია – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ფსიქოლოგმა მაკა ისაკაძემ ისაუბრა.
რა არის იპოქონდრია?
მშვენიერია, როცა ადამიანი პერიოდულად აკონტროლებს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მაგრამ თუ კი ეს აკვიატებულ ხასიათს იძენს, რაც აუარესებს ადამიანის პროდუქტიულობასა და ურთიერთობებს, იპოქონდრიას ვუწოდებთ. ამ გამოვლინებას აქვს სამეცნიერო განმარტება: იპოქონდრიული აშლილობა ან სინდრომი არის ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ის განიცდის დაავადების გენერალიზებულ შიშს, დისტრესს, ახასიათებს ექიმთან განმეორებადი ვიზიტები. პირველად ძველმა ბერძნებმა აღწერეს, თავად ჰიპოკრატემ კი აღნიშნა, რომ ეს მდგომარეობა იწვევს განსაკუთრებით ნეკნებქვეშ მდებარე ორგანოების დაავადების შიშს (ბერძნულად იპოქონდრია ნიშნავს „ნეკნებქვეშ მდებარე ადგილს“). სხვადასხვა კვლევების მიხედვით, იპოქონდრიის გავრცელება მსოფლიო მოსახლეობაში 3-დან 5 %-ია.
სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელია იპოქონდრიული მდგომარეობისთვის:
ნებისმიერი ნორმიდან გადახრა აღიქმება სერიოზული დაავადების განვითარების საწყისად; სიმპტომების მუდმივი ძიება ინტერნეტში და ამის მიხედვით საკუთარი თავის დიაგნოსტირება; სწრაფვა ექიმთან ვიზიტზე ნებისმიერი მიზეზით და ამასთან ერთად ექიმების ძლიერი უნდობლობა; უამრავი მედიკამენტის ქონა მოგზაურობისას; დაავადების მემკვიდრეობით არსებობის წუხილი; შიში შესაძლო სასიკვდილო დაავადების ქონა; სტერილურობისკენ მიდრეკილება – შესაბამისად, გადამდები დაავადების მქონე პირებთან კონტაქტის არიდება დაავადების თავიდან აცილების მიზნით. პიროვნული თვისებები: დაბალი თვითრწმენა, სხვაზე დამოკიდებულება, ინფანტილური შტრიხები, სიცარიელის და მარტოობის განცდა.
ზოგიერთი ფსიქოლოგის მოსაზრებით, ეს შესაძლოა იყოს გადატანილი ან წარმოსახული ტრავმა, აღზრდის პრობლემები, სტრესი. ასევე სხვა ფსიქიკური დაავადების თანმდევი, მაგალითად, პანიკური აშლილობის. იპოქონდრია ხშირად კომორბიდულია დეპრესიასთან, ობსესიურ-კომპულსურ აშლილობასთან. ეს ასევე აიხსნება დასწავლილი უსუსურობის თეორიის მიხედვითაც – იმ შემთხვევაში, როცა ავადმყოფობას მოაქვს გარკვეული სარგებელი – ამ გზით ყურადღებისა და მზრუნველობის მიღება ახლობელი ადამიანების მხრიდან.
როგორ ყალიბდება იპოქონდრიული სინდრომი–მექანიზმი?
იპოქონდრიული სინდრომის დროს ადამიანი გარემოზე ყურადღებას აბრუნებს საკუთარი თავისკენ და თვითდაკვირვებას იყენებს როგორც დაცვით მექანიზმს, რათა არ აღიაროს ურთიერთობის დარღვევები საკუთარ თავთან და გარემოსთან; გაუცნობიერებლად იყენებს ურთიერთობის დაძაბულობის განსადევნად. ეს სინდრომი შესაძლოა წარმოიშვას იმ დროს, როცა პიროვნება ვერ იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა აირჩიოს გაცნობიერებულად. ასეთი სინდრომით შეპყრობილი ადამიანები გაუგებრად უყურებენ ფსიქოთერაპევტის მცდელობებს და ცდილობენ დაამტკიცონ თავიანთი მოსაზრებები. იპოქონდრია რთულად გასაშიფრი ენაა, როგორც პაციენტისთვის, ასევე სპეციალისტისთვის. რთულია აღიარო, რომ ეს პრობლემა შესაძლოა ფსიქოლოგიური წარმოშობის იყოს, რადგან ეს ააქტიურებს „სიგიჟის შიშს“. ამიტომ ამჯობინებენ, რომ აღმოაჩნდეთ სომატური პათოლოგია და დამტკიცდეს მათი მოსაზრება ავადობის შესახებ. თუ გააცნობიერებენ, რომ სხეულებრივი გამოვლინებები ნიღბავენ მათი ხასიათის და ცხოვრების სიძნელეებს, შფოთვა სუსტდება საკუთარ ჯანმრთელობაზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეიძლება აღზრდის პრობლემები იყოს ერთ-ერთი ფაქტორი იპოქონდრიული მდგომარეობის ჩამოყალიბების: ბავშვობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჰიპერმზრუნველობითი აღმზრდელობის შემთხვევაში, ის ასევე ექცევა საკუთარ თავს, ან ინდიფერენტული ოჯახური აღზრდის სტილისას საკომპენსაციოდ მომავალში საკუთარ თავს აძლევს იმ ზრუნვას და სითბოს, როგორიც უნდოდა ან სურს, რომ მიიღოს გარემოსაგან. ესეც დაავადების მეორადი სარგებელია. ასევე, იპოქონდრიის მეორადი სარგებელია, ის რომ ადამიანი ამით შეიძლება გაათავისუფლოს იმ სოციალური პასუხისმგებლობისგან, რაც მის ძალებს აღემატება; შეუძლია გაამართლოს წარუმატებლობა როგორც პირად, ასევე პროფესიულ სფეროში. როდესაც ადამიანი არის ავად, ის რეგრესირებს ბავშვურ მდგომარეობაში, სხვებისგან იღებს მეტ მზრუნველობას, სითბოს. ეს არის შესაძლებლობა, რომ არ გადაჭრას რთული ცხოვრებისეული პრობლემები და საერთოდ არ შეხვდეს რაიმე უსიამოვნო სიტუაციას. ზოგჯერ უფრო ადვილია ავად გახდე, ვიდრე მიიღო რთული გადაწყვეტილება ან გააკეთო რთული არჩევანი.
7 რჩევა: