პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ხელისუფლება რეფორმების განხორციელებას განაგრძობს და მთავრობა გასაკეთებელ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, იმ ვალდებულებებზე საუბრის დროს აღნიშნა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აქვს ნაკისრი.
პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ დიდი სამუშაო გასწია და ვალდებულებები პირნათლად შეასრულა:
“ველოდებით ევროპელების ბრძნულ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენ არაფერს ვითხოვთ, ვითხოვთ სწორ და სამართლიან შეფასებას.
ჩვენ ახლა მშვიდად, წყნარად და მტკიცედ დაველოდებით გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არაფერი შემაფერხებელი არ იქნება, ჩვენ ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს.
ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოეთ. ჩემი დავალებით, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აქტიურად ელაპარაკება თავის ევროპელ კოლეგებს. მან უკვე დღეის მდგომარეობით, 20-ზე მეტი შეხვედრა გამართა, 17 საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე, მას ამ კვირაში და მომავალ კვირებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები.
ინტენსიური საუბრები ჰქონდა, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, რა რეფორმები განვახორციელეთ. ასე რომ, ყველა ინფორმაცია სრულად არის მიწოდებული. ასევე, მოგეხსენებათ, რომ აქტიური საგარეო პოლიტიკა მქონდა, ძალიან ბევრი ვიზიტი განვახორციელე, მათ შორის ვიყავი ბრიუსელში. უმაღლეს დონეზე მქონდა შეხვედრები, ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ, დასავლელ კოლეგებს და რაც მთავარია, ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ვალდებულება, პირობა, რომელიც აღებული გვქონდა ევროკავშირთან დაწყებული ჯერ კიდევ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდგომ უკვე უვიზო მიმოსვლის მიღებით. ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და რა თქმა უნდა, პირწმინდად, პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას. რომ არა ჩვენი მთავრობა, არათუ ევროკავშირში, არამედ რთულ პირობებში ვიქნებოდით დღეს. კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს ევროპაშიც, ქვეყნის შიგნითაც, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ საქართველო არის ასოცირებული ქვეყანა, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ახლა უკვე პატივი გვხვდა წილად, შეგვეტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობისთვის”, – თქვა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო აგრძელებს რეფორმებს და ასოცირების ახალ დღის წესრიგში დეტალურად არის გაწერილი ყველა ის რეფორმა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს და მთელი რიგი ინიციატივებისა გადმოტანილია შარლ მიშელის შეთანხმებიდან.
„პრაქტიკულად, ჩვენ არავითარი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ყველა საკითხზე გვქონდა დროული რეაგირება. ყველა საკითხი შევასრულეთ პირნათლად. ახლა ჯერი არის ევროკავშირზე. მან უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. მინდა ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ არ არის მარტივი სიტუაცია.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა ევროპას არ ჰქონია. ევროპაში ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, რომელიც არა მარტო უკრაინას და მის სუვერენიტეტს, არამედ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას უქმნის საფრთხეს. ეს არის დიდი გამოწვევა მსოფლიო წესრიგისთვის. ამ რეალობაში, ბუნებრივია, არსებობს სკეპტიციზმი ზოგადად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უკრაინასთან მიმართებით, იმიტომ რომ, მათ არ სურთ მთელი ამ პრობლემების იმპორტირება, ევროპაში შეტანა და მთელი რიგი სხვა მიმართულებები არსებობს პრობლემებისა, რომელიც უკავშირდება ომს, ომთან დაკავშირებულ საფრთხეებს“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.