გაიანე კარაპეტიანი, რომელსაც მაყურებელი კულინარიული შოუებიდან და თანაც ძალიან მხიარულ ქალბატონს იცნობს, მძიმე წარსულს იხსენებს. როგორც გაიანე ლელა წურწუმიას შოუში „მხოლოდ ლელასთან“ ჰყვება, ნაადრევად გათხოვილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა და ქმრის ოჯახმა ბავშვებთანაც კი დააშორა.
„მთავარი ჯოჯოხეთი იქიდან დაიწყო, ბავშვები ცოტა გაზრდილები იყვნენ, ხელი ასწია ჩემზე. თავში ჩამარტყა სკამი. ეს მეორე ძალადობა იყო. ვგრძნობდი რომ თავი ცხელი მქონდა, სისხლი მომდიოდა, ლამის გული წამივიდა. მაგ მომენტის შემდეგ ვთქვი, რომ წავალ სახლიდან, მაგრამ სად წავიდოდი. ბავშვებსაც არ მოგცემთო თუ წაიყვან, მოგკლავთო. ახლაც რომ ვფიქრობ, ვნერვიულობ. რომ ვიცოდი რომ წასასვლელი არ მქონდა, დედაჩემი გათხოვდა, ბიძაჩემმა სახლი წაგვართვა. 10 წელი ვიცხოვრეთ, მერე გაჩნდა საყვარელი, სახლში არ მოდიოდა, თუ მოდიოდა მეზობლებივით ვიყავით, ბავშვებიც ტიროდნენ. 8 წელი ვიცხოვრე მეუღლის გარეშე. თავის მოკვლაც მინდოდა, მერე ვიფიქრე ბავშვები უპატრონოდ დარჩებოდნენ, იტყოდნენ, აი, დედა გიჟი იყო, მოკვდა და ბავშვებზე ლაქა დარჩებოდა“ – ამბობს გაიანე და იმ მომენტს იხსენებს, რომლის შემდეგაც მეუღლის სახლში ვეღარ გაჩერდა.
„ბავშვი ემოციურად ჰყვებოდა რაღაცას, (დედამთილ-მამამთილის) ოთახიდან მესმის, დაძინება გვინდა, დავიღალეთ. მე ვუთხარი, ხომ შეიძლება, მეც დავისვენო ჩემს სახლში. ამ სიტუაციაში ჩხუბი მოგვივიდა. ეს შენი სახლი არ არის, შენ ხარ აქ ძაღლი, 8 წელი შეგინახეთ, წადი ახლა დედაშენმა შეგინახოსო. აი რომ თქვეს ძაღლი, მაგ მომენტში ვთქვი, სად არის შენი თავმოყვარეობა, ყველაფერი მოითმინე, ქმარი 3-ჯერ მოვიდა-წავიდა. დილას ავდექი, ბავშვებს ვუთხარი მივდივართ, ბავშვებს არ უნდოდათ წამოსვლა, შეშინებული ჰყავდათ, რომ მთელი დღე იქნებით სახლში, დედაშენი სამსახურში იქნება. არ გამიშვეს ბავშვებით, მე ავიღე ჩემი ნივთები და წავედი დედასთან. აქედან დაიწყო ჩემი სხვა ეტაპის ცხოვრება, ბავშვების გარეშე. იმდენად შეშინებულები იყვნენ ბავშვები, ჩხუბი რომ არ მომხდარიყო, გაზომბებულები იყვნენ. ალბათ თქვეს, რომ კი არ გაუშვეს, დედა წავიდა სახლიდან. ყველამ კარგად გაიგოს, ჩემი ფეხით არ წავსულვარ. როდესაც გეუბნებიან, წადი, შენი სახლი არ არის, უნდა წახვიდე.
ჩემი შვილები ფაქტობრივად წამართვეს. ეს არის ჩემი ტკივილი, არასოდეს ვსაუბრობდი, ძალიან მხიარული და კარგი ხასიათის ვარ, არ ვარ ბოროტი, ცუდი, მაგრამ ეს ტკივილი სულ ჩემთან არის. ჩემი შვილების ქვეცნობიერში დატოვეს, რომ დედაშენმა დატოვათ და წავიდა. მე ამას ვერ ვაპატიებ“ – ამბობს გაიანე.