LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: 5 ივლისი იყო „ალტ-ინფოს“ ერთადერთი ბოროტება, „ნაცმოძრაობა“ კი ამას 9 წელი აკეთებდა – ერთი და იგივე საქმეს ემსახურებიან, ოღონდ სხვადასხვა „პიარული ეგიდით“

158
მამუკა მდინარაძე

„ჩემთვის პირადად, „ალტ-ინფო“, მისი განწყობები და „ნაცმოძრაობის“ ქცევები ერთი მედლის ორი მხარეა. ჩემი აზრით, ამით ყველაფერია ნათქვამი. ერთი და იგივე საქმეს ემსახურებიან, ოღონდ სხვადასხვა „პიარული ეგიდით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, პრორუსული, ძალადობრივი პლატფორმა „ალტ-ინფო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ საქმეს აკეთებენ და ესაა რუსული საქმე. თუმცა, ამ თემის კომენტირებისას მდინარაძემ ისიც თქვა, რომ „ალტ-ინფოს“ ერთადერთი ბოროტება 5 ივლისი იყო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბოროტებას 9 წელი სჩადიოდნენ.

„საბოლოო ჯამში, ისინი („ნაციონალური მოძრაობა“) ვითომ პროდასავლური ეგიდით, აკეთებენ ამის დეკლარირებით, მაგრამ რეალურად რუსულ საქმეს აკეთებენ, მეორე მხრივ ეს („ალტ-ინფო“) ადამიანები აკეთებენ რუსულ საქმეს, მაგრამ პირდაპირ ამაზე დეკლარირებით. ეს განსხვავებაა მხოლოდ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, სვამს თუ არა ამ ორ ძალას შორის იგი ტოლობის ნიშანს, მდინარაძემ უპასუხა:

„ტოლობის ნიშანს კი არ ვსვამ, რომელი უფრო საშიში ძალაა არ ვიცი… „ნაცმოძრაობამ“ დაგვიმტკიცა, რამდენად საშიში და ბოროტი ძალაა, „ალტ-ინფოს“ მთლად იმდენი ბოროტება არ აქვს… 5 ივლისი იყო „ალტ-ინფოს“ ერთადერთი ბოროტება და 100-ზე მეტი ადამიანი დაისაჯა, ზოგი ადმინისტრაციული და ზოგიც სისხლის სამართლის წესით. 9 წლის განმავლობაში ასე სჩადიოდნენ თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ მინიმუმ „ნაცმოძრაობის“ წევრები. მე ხომ არ ვამბობ, რომ ის ცუდია და ეს კარგი, ორივე ცუდია, მაგრამ გამოვლინება.. იმან („ნაციონალური მოძრაობა“) შეძლო, რომ ქვეყნისთვის ეტკინა, ასობით ადამიანის სიცოცხლეს შეხებოდა.“ – დასძინა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პრორუსული, ძალადობრივი პლატფორმის „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში სახელმწიფო ქონების მითვისებისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, რა დროსაც მისი ადვოკატი მამუკა მდინარაძე იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g