15 ივნისს თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი- რიტმს” უმასპინძლებს.
ფესტივალს გახსნის იტალიელი ჯაზის მაესტრო პაოლო ფრეზუ, რომელიც ვირტუოზ მუსიკოსებთან პიანისტ დინო რუბინოსთან და კონტრაბასისტ მარკო ბარდოშასთან ერთად უბერებელ ნაწარმოებებს შეასრულებს ახალი ალბომიდან Tempo di Chet (ტემპო დი ჩეტ), რაც ქართულად „ჩეტის დროს“ ნიშნავს, მიძღვნილს გენიალური ჯაზმუსიკოსის ჩეტ ბეიკერის ხსოვნისადმი.
როგორც ცნობილია, ქართული ხალხური მუსიკა მსოფლიო მუსიკალურ მოვლენად არის აღიარებული. მრავალხმრივი ნიჭით გამორჩეული იტალიელი ჯაზმესაყვირე და კომპოზიტორი პაოლო ფრეზუ ძალიან დაინტერესდა ქართული ხალხური მრავალხმიანობით.
15 ივნისს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში პაოლო ფრეზუს ტრიო და ფოლკლორული ანსამბლი „იბერი“ მსმენელის წინაშე წარდგებიან ორი საპრემიერო სიმღერით ქართულ და სარდინიულ ენაზე.
24 ივნისს კლუბ „ოტიუმში“ ფესტივალის ფარგლებში ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი ფარესაშვილი დავით ილურიძის ბენდთან და მეგობრებთან ერთად მსმენელის წინაშე ახალი მუსიკალური პროგრამით წარდგება. ქეთის შემოქმედებაში ძირითადად ჯაზფუჟენის, პოპისა და ბრაზილიური მუსიკის ელემენტებია ჩაქსოვილი. მას ხშირად მოიხსენებენ როგორც „სამბას ქართველ დედოფალს“. ქეთი ფარესაშვილის მიერ შესრულებული სიმღერა “ასე დაიწყო სამბა” 90-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტი გახდა.
29 ივნისს „ვინდამ გრანდ თბილისში“ (Wyndham Grand Tbilisi) ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მაკო ჯაოშვილის სადებიუტო წიგნის „ცხოვრება, როგორც პერფორმანსი“ პრეზენტაცია. წიგნი სამოტივაციო შინაარსისაა, ამახვილებს რა ყურადღებას პიროვნული ტრანსფორმაციისა და პოზიტიური აზროვნების პრაქტიკულ დანიშნულებაზე.
2 ივლისს რუსთაველის ეროვნულ თეატრში ფესტივალ „თბილისი-რიტმს“
მე- 20 საუკუნის გენიად აღიარებული, იმპროვიზაციების დიდოსტატი, ფრანგი გიტარისტი ბირელი ლაგრენი დახურავს.
ფესტივალი „თბილისი -რიტმი“ 2022 საქართველოში იტალიის საელჩოს და თბილისის მერიის ხელშეწყობით იმართება.