LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი ცოტნე ზედგინიძის მამას მიმართავს: „ცოტნეს კარიერას მიადგება მოუშუშებელი ჭრილობა…“

9694
ნიკა და ცოტნე მთავარზე

ნიკოლოზ რაჭველი პატარა კოლეგას, ცოტნე ზედგინიძეს მხარდაჭერას უცხადებს. შეგახსენებთ, რომ ახლახან პატარა მუსიკოსმა გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც აღნიშნავს, რომ მამა მას საზღვარგარეთ კონკურსებსა და კონცერტებზე გამგზავრებაში პრობლემებს უქმნის.

ნიკოლოზ რაჭველი კი წერს:

„დილით გადმოვკვეთე უკრაინის საზღვარი და პოლონეთის გავლით გერმანიაში ჩამოვედი, სადაც მსოფლიო სცენების ვარსკვლავის ლიზა ბათიაშვილის მიწვევით აუდის ზაფხულის მუსიკალურ ფესტივალზე გერმანიისა და უკრაინის ორკესტრებთან ერთად კონცერტებს უნდა გავუძღვე. ხვალ პირველი რეპეტიციაა და უმაღლესი კლასის ინგოლშტატის ორკესტრის მუსიკოსებს გადაშლილი ექნებათ სრულიად ახლად შექმნილი ქართული ნაწარმოების სანოტო პარტიები, რომელიც პირველად უნდა აჟღერდეს მრავალი ინსტრუმენტის ერთობლიობით. ეს ნაწარმოები კი არც მეტი არც ნაკლები ცოტნე ზედგინიძის საფორტეპიანო კონცერტია, რომლის მთავარი პარტიის შესასრულებლად თავად მუსიკის ავტორმა ჯერ რეპეტიციებზე უნდა იმუშაოს ორკესტრთან, ხოლო პირველ ივლისს Open Air სცენაზე საპატიო ადგილი უნდა დაიკავოს, სადაც მისი ქმნილების პრემიერას გერმანიის მინიმუმ 10.000 მოქალაქე, გერმანიაში მყოფი უცხოელი მუსიკის მოყვარული და მრავალი პროფესიონალი შემფასებელი დაესწრება.

და რა ხდება ამ დროს? ის, რაც უკვე არაერთხელ გადაიტანა პატარა გენიოსმა: გაურკვევლობა, დაძაბულობა, ნერვიულობა, საშინელი სტრესი!!!!!

პირადად მე ყველანაირად ვცდილობდი დადებითი როლი შემესრულებინა ცოტნესა და მისი მამის ურთიერთობის დარეგულირებაში. მიმაჩნდა, რომ ეს იყო სწორი, ეს იყო ის, რაც მე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი გამომივიდა, საბოლოოდ ვდისტანცირდი მისგან და ბოლომდე გადმოვერთე ცოტნეს შემოქმედებითი საქმიანობისადმი თანადგომის აგრეთვე უმნიშვნელოვანეს საქმეში.

ახლა ვითარება ასეთია: ცოტნე თუ ვერ დაუკრავს ფესტივალზე და მით უმეტეს ოჯახში არსებული მოუგვარებელი პრობლემის მიზეზით, საერთაშორისო მუსიკალურ სამყაროში (ყველა ყველას იცნობს პრინციპით) უცებ გავრცელდება ხმა და ყველა საკონცერტო ორგანიზაცია თავს შეიკავებს მომავალში მისი მიწვევისაგან, ცოტნეს ფენომენით დაინტერესებული დიდი მუსიკოსები კი სიფრთხილეს გამოიჩენენ და თავს შეიკავებენ მასზე სათანადო ზრუნვისგან, რადგან არავის სურს, სხვისი ოჯახური გარჩევის უნებურ თანამონაწილედ იქცეს. ყველაფერთან ერთად, წყალში ჩაიყრება ლიზა ბათიაშვილის ცოტნესადმი გაწეული შეუფასებელი ამაგი (დამერწმუნეთ, ლიზას ყურადღების არეალში მოხვედრას მსოფლიოში ალბათ ათიათასობით დამწყები თუ უკვე შემდგარი მუსიკოსი ოცნებობს)… მოკლედ, ცოტნეს კარიერას მიადგება მოუშუშებელი ჭრილობა, ხოლო მას, როგორც ასაკით პატარა, მაგრამ გონებით ღრმა და საზრიან ბავშვს, კიდევ ერთი ფსიქოლოგიური დარტყმა, რის შედეგებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია….

ამიტომ ბოლოჯერ და უკანასკნელად უკვე საჯაროდ, მაგრამ ადამიანური მოკრძალებით მივმართავ ცოტნეს მამას, გიორგი ზედგინიძეს:

გოგი, გთხოვთ როგორმე გვერდზე გადადეთ ყოველი რადიკალური, თუნდაც თქვენი თვალსაზრისით სამართლიანი ფიქრი, ბავშვების ბებიის „დასჯის” სურვილი (რაშიც ვერასდროს ვიქნები თანამოაზრე), მამობრივი ამბიცია (რა ნაწილშიც თქვენი გულწრფელად მესმის!) და დროულად შეადგინეთ ის დოკუმენტი, რომლითაც თქვენ, როგორც მეურვე ნებართვას გასცემთ ბავშვების ბებიასა და ცოტნეს პედაგოგ ნინა მამრაძეზე, რათა წამოიყვანოს ცოტნე და ნინიკო გერმანიაში! დარწმუნებული ვარ, მოსამართლე ისედაც გამოიტანს ამ განაჩენს, თუნდაც მესამედ თუ მეოთხედ, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ დაგაშორებთ ცოტნესთან ურთიერთობის აღდგენის სანუკვარ პერსპექტივას!

ჯერ კიდევ მგონია, რომ საკუთარ შვილებთან ურთიერთობის დარეგულირების გზა ადვოკატებზე და სასამართლოზე კი არ გადის, არამედ თანაგრძნობაზე, შეცდომის აღიარებაზე, მობოდიშებაზე, მათი სურვილებისადმი ტოლერანტულობაზე (რაც უნდა რთული ან მიუღებელი იყოს ეს თქვენთვის), სიკეთის უანგაროდ, თუნდაც დროებით შორიდან კეთებაზე და ისეთ სიყვარულზე, რომელიც ბერტოლ ბრეხტმა დაგვიწერა „კავკასიურ ცარცის წრეში”, როდესაც ნამდვილმა მშობელმა ვერ გაიმეტა საკუთარი პირმშო ძალადობრივი გზით დაბრუნებისთვის, რის შემდეგადაც მოსამართლე აზდაკმა (ჩვენს შემთხვებაში გნებავთ განგებამ და გნებავთ დროთა განმავლობაში თავად ბავშვებმა) მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება!

საუკეთესო სურვილებით,

ნიკოლოზ რაჭველი

თქვენი შვილის, ჩემი საამაყო კოლეგის უფროსი მეგობარი და გულშემატკივარი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g