სამართლებრივი არგუმენტი ვეტოსთან დაკავშირებით დიდი ალბათობით სუსტი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოზე საუბრისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, საკითხს კომიტეტებში განიხილავენ, პრეზიდენტის წარმომადგენელს კი მიეცემა შესაძლებლობა წარმოადგინოს არგუმენტები.
„საბოლოო ჯამში, ამ საკითხის განხილვა იქნება კომიტეტში. შესაძლებლობა ექნება პრეზიდენტის წარმომადგენელს, რომ წარმოადგინოს არგუმენტები. იმაზე დაყრდნობით, რაც მივიღეთ წერილობითი სახით და მათ შორის ზეპირი განმარტებები, რომელიც პრეზიდენტმა ბრიფინგის დროსაც გააკეთა, თქვა რომ ეს იყო პოლიტიკური ვეტო, ანუ ნაკლებად იყო სამართლებრივად დასაბუთებული. დიდი ალბათობით, სამართლებრივი არგუმენტი სუსტი იქნება ვეტოსთან დაკავშირებით. ამიტომ, იმსჯელებს კომიტეტი და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ის ვეტოს დაადებს შემდეგი 6 თვის განმავლობაში ყველა კანონს, რომელიც არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული.