მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი, თავად მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ეხმიანება.
გვარამიას მიმართვა მის ფეისბუკგვერდზე ვრცელდება, რომელშიც აღნიშნულია, რომ სასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია:
“სასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია. აშშ-ში სემინარზე მიდიან მხოლოდ ის მოსამართლეები, ვინც დაუპირისპირდა სისტემას და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა მოსამართლეების წინააღმდეგ მიღებული რეპრესიული კანონი დისციპლინური წარმოების შესახებ.
ბუნტის სათავეში არიან ის მოსამართლეები, ვინც, ჩხიკვაძის დასანქცირების მიზეზით, აიძულეს უარი ეთქვათ აშშ-ში წასვლაზე. ამ მოსამართლეებზე ზეწოლა განახორციელა უშუალოდ ე.წ. მოსამართლე ჩხიკვაძემ, რაზეც ისინი აპირებენ ხმამაღლა საუბარს.
რაც შეეხება საკუთრივ ე.წ. მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადებას, რომელმაც თავად დაადასტურა, რომ 2 თვე საზოგადოებას ატყუებდა და “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ მესიჯბოქსს იმეორებდა:
პირველი – ფორმალურადაც კი გაფორმდა ის ფაქტი, რომ ის დაინტერესებულია ჩემს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (რაც არ უნდა წეროს, რომ ეს მისი ინტერესი არაა) და თავად ახორციელებს ღია და საჯარო ზეწოლას საკუთარ კოლეგებზე;
მეორე – სრულიად შემზარავი და უპრეცედენტოა ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის დისკრედიტაციის და შანტაჟის ეს ფაქტი სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც უნდა განვიხილოთ, როგორც “ქართული ოცნების” ღია ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი.
PS ოცნებიდან “განდგომილ” გრაფომანების სამეულს, საკრებულოს წევრების შემდეგ, უკვე “მოსამართლეც” უერთდება, სრულიად იდენტური შინაარსის და ლექსიკის განცხადებით”, – აღნიშნულია გვარამიას მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
შეგახსენებთ, დღეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.
ანა დოლიძე: ეს არის კელი დეგნანის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, „ოცნებას“ უნდა, აიძულოს და წავიდეს