როგორ დავსაქმდეთ და რა გვჭირდება ამისთვის – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „FM ქოუჩი“ სპიკერმა დავით კენჭაძემ ისაუბრა.
რამდენად პრობლემურია დასაქმების საკითხი დღეს?
ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად ვიხილავთ დასაქმების საკითხს. ადამიანები ფიქრობენ, რომ პროფესია და დიპლომი რაღაცას წარმოადგენს, თუმცა დღეს უკვე დიპლომი არაფერს წარმოადგენს. მეც არაფერში გამომადგა ჩემი დიპლომი, რადგან სხვა მიმართულებით ვმუშაობ. დღეს დიპლომი დამსაქმებელს არ აინტერესებს, მაგრამ აინტერესებს, რა არის ის საქმე, რომლის გაკეთებაც იცით ძალიან კარგად. მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი ხშირად არ აქვთ სამსახურის მაძიებლებს. მთავარია რაღაცაში იყო პროფესიონალი და მუდმივად ვითარდებოდე.
დამსაქმებლის კუთხით თუ იკვეთება პრობლემები?
ჩვენ გავაკეთეთ საიტი და ვართ შუამავალი რგოლი დამსაქმებელსა და სამსახურის მაძიებლებს შორის, სადაც მკაფიოდ არის განსაზღვრული, რა სჭირდება დამსაქმებელს. დამსაქმებლები წუწუნებენ, რომ ვერ ნახულობენ კადრებს, მიზეზი ძალიან მარტივია. ვაკანსიებში, რომლებიც გამოცხადებულია, ისეთი მოთხოვნებია წარმოდგენილი, არავის გაუჩნდება იქ მუშაობის სურვილი.
ახლა მოდის ახალი თაობა, მათ უნდათ დისტანციური სამუშაო, მეტი პერსპექტივა და შემოსავალი. კომპანიები უნდა მიხვდნენ, რომ შედეგზე უნდა მიაბან საქმიანობა და ნაკლებად „მონური“ გარემო შექმნან.
ერთ-ერთმა კომპანიამ გამოაცხადა მთავარ ბუღალტერზე ვაკანსია, მოთხოვნა იყო, რომ ოფისში უნდა ემუშავათ, მეორე კომპანიამ დადო იგივე ვაკანსია დისტანციურ მუშაობის პირობებით, ბუნებრივია მეორე კომპანიაში ბევრი ადამიანი მივიდა გასაუბრებაზე.
რას ურჩევ კომპანიის ხელმძღვანელებს, რომლებმაც სურთ გუნდის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება?
ადამიანი არ უნდა იყოს მადლობელი, რომ ვიღაცამ დაასაქმა. დღეს უნდა „იჩალიჩო“, რომ შენთან მოვიდეს პროფესიონალი თანამშრომელი, მერე სულ უნდა კვებო, რომ ეს კადრები შეინარჩუნო. თუ ერთი და იგივე ვაკანსიაზე ხელფასი ერთ კომპანიაში 1 500 ლარია, მეორეში 2 000, არავინ მივა 1 500-იან ხელფასზე, ან უნდა შესთავაზო სხვა ტიპის ბენეფიტები, რომელიც ადამიანს მოეწონება და თანახმა იქნება შენთან თანამშრომლობაზე.
ბევრთან მქონია შეკამათება, რომ ვერ „შოულობენ“ კადრებს, ეს ხდება იმიტომ, რომ მოტივაციას არ აძლევენ ადამიანებს. ახალ თაობას არ აინტერესებს სტაბილურობა, მათ უნდათ მეტი შესაძლებლობა კარიერული და ფინანსური კუთხით.
კომპანიის ხელმძღვანელებს აქვთ ბევრი პრობლემა საქართველოში, თუ მაღალ თანამდებობაზე არიან, „უტყდებათ“ ახალი ისწავლონ და სხვისი აზრი გაითვალისწინონ.
მენეჯმენტი არის ურთულესი პროცესი, ეს არის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, ანალიზი, სწორი სტრატეგია, ამას სჭირდება სერიოზული ვარჯიში. წარმოიდგინეთ, რონალდო რომ არ ავარჯიშო და ისე გაუშვა სათამაშოდ, იგივეა, ტოპ მენეჯერებსაც სულ სჭირდებათ „გავარჯიშება“.