LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველამ ისე უნდა გამოამჟღავნოს თავისი ქვეყნის მიმართ სიყვარული, როგორც შეუძლია, მე ამას სიმღერით ვაკეთებ“ – ნანი ბრეგვაძე

121
cdcdsc

ქართული სცენის ლეგენდა, ნანი ბრეგვაძე, რომელსაც 21 ივლისს 86 წელი შეუსრულდა რადიო „ფორტუნას“ ეთერს სტუმრობდა. მომღერალმა თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა და ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა სიყვარულისთვის და დაფასებისთვის.

„დღეს დილიდან რომ დაიწყო ზარები, ძალიან მესიამოვნა, მომნატრებია… ძალიან კარგია, რომ ხალხს კიდევ ვახსოვარ“ – ნანი ბრეგვაძე

 ქალბატონო ნანი, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ სახელით გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერებას, ბევრ ლამაზ მოგონებას და ბევრ ბედნიერ დღეს. არ დავიწყებ თქვენი მიღწევების და ჯილდოების ჩამოთვლას, მაგრამ ვიტყვი, რომ თქვენი სახელის ხსენებისას სახეზე ყველას ღიმილი ეფინება და ყველას უთბება ხმა, რაც თქვენდამი სიყვარულს ადასტურებს და ვფიქრობ, რომ ეს არის თქვენი მთავარი ჯილდო, რომელსაც ყველა ვერ მოიპოვებს,

უღრმესი მადლობა, ძალიან სასიამოვნოა ასეთი დამოკიდებულება და ასეთი გამონათქვამების მოსმენა. თუ რამეს აკეთებ, შენი ქვეყნისთვის და შენი ხალხისთვის აკეთებ და თუ ჩემი ხალხი იღებს ჩემს სიმღერას და ყოფას, ასეთ დიდ ყურადღებას მაქცევს და ასეთ სიყვარულს მიძღვნის, ეს ძალიან დასაფასებელია. ძალიან მადლობელი ვარ მათი, ვინც ასეა განწყობილი ჩემს მიმართ. ბედნიერი ადამიანი ვარ, თუ ვინმესთვის რაღაც ოდნავი სიკეთე მაინც გავაკეთე.

ძალიან დიდი წვლილი გაქვთ შეტანილი ქართული მუსიკის განვითარებაში, ძალიან ბევრი წარმატება მოუტანეთ საქართველოს, ბევრ ქვეყანაში გიმღერიათ და წარგიდგენიათ ჩვენი სახელი. შეიძლება, ბევრმა ადამიანმა საქართველოს შესახებ სწორედ თქვენი მუსიკიდან გამომდინარე გაიგო, რის გამოც უდიდეს მადლობას იმსახურებთ.

ძალიან დიდ მადლობას გიხდით ჩემი ცხოვრების და ჩემი შემოქმედების ასეთი შეფასებისთვის. საერთოდ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ პირველი საკუთარი ქვეყანაა, ჯერ შენს ქვეყანაში უნდა დაიმკვიდრო ადგილი და მერე სხვაგან. შენი ქვეყანა, შენი მიწა-წყალი, შენი ოჯახი, მეგობრები და სამსახური არის შენი ცხოვრება. ყველამ ისე უნდა გამოამჟღავნოს თავისი ქვეყნის მიმართ სიყვარული, როგორც შეუძლია, მე ამას სიმღერით ვაკეთებ.

კონცერტს ან რაიმე შემოქმედებით სიახლეს თუ გეგმავთ?

კონცერტს, არა, მაგრამ ახალგაზრდებთან ერთად ვაპირებ ახალი ნამუშევრის გაკეთებას. ის, რომ ახალმა თაობამ მიგიღო და შენთან მოვიდა, ეს ყველაზე დიდი აღიარებაა და ნამდვილად დასაფასებელია, რადგან ცხოვრება წინ მიდის და ახალგაზრდები ყველაფერს სხვანაირად აფასებენ.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები