რატომ არის საჭირო რამდენიმე პროფესია – გადაცემის “FM ქოუჩი“ სტუმარია წამყვანი, რეჟისორი და მხატვარი ანი მაღლაკელიძე.
რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს გვქონდეს რამდენიმე პროფესია?
მაღალი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ეპოქაში ვცხოვრობთ, ძალიან საინტერესო დროში და რა თქმა უნდა პროფესიები და განათლების ხარისხი სწრაფად იცვლება. დროთა განმავლობაში გარკვეული პროფესიები ისედაც ქრება და ახლა მითუმეტეს, მომავალ თაობას ერთდროულად რამდენიმე პროფესიის ათვისება დასჭირდება. კრეატიულობა და უნარ-ჩვევები კი მათ ხელშია. ერთია ცოდნა და მეორე თუ როგორ შეძლებ ეს ცოდნა გამოიყენო სწორად. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში განათლების მიმართულებით ძირეული ცვლილებებია, ინდივიდებზე მორგებული სწავლება, ბავშვის ინტერესებზე მორგებული მეთოდოლოგია, საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება, საკუთარი ნიჭის ეფექტიანად მართვა, ესაა მთავარი პრიორიტეტი განათლებაში. მეტიც,ზოგიერთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა Google, Apple, Tesla არ საჭიროებენ უმაღლესი განათლების დიპლომს, რადგან მათ ესაჭიროებათ მათთვის საჭირო უნარების მქონე თანამშრომელი. ისინი თვლიან, რომ ახალგაზრდებმა არ იციან თუ როგორ გამოიყენონ მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში, იზუთხავენ მექანიკურად და კარგავენ დამოუკიდებლად აზროვნების უნარს.
როგორ უნდა ავირჩიოთ პროფესია?
ეს ნიშნავს, რომ ცვლილებების დრო დგება, განსაკუთრებით მტკივნეულია ეს ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, მაშინ როცა მსოფლიო წინ მიდის, ჩვენი განათლების სისტემა ნელი ნაბიჯებით მიჰყვება მას. აქ ინდივიდზე მორგებულ სწავლებაზე საუბარი ნაადრევია,თუმცა დროა სკოლამ მისცეს ისეთი განათლება მოსწავლეს, რომ აღარ იყოს საჭირო რეპეტიტორის დახმარება და თუ ოდესმე მოსწავლის ინტერესების გათვალისწინება მოხდება, ეს იქნება სწორედ წარმატებული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ყველაზე სწორი გზა. დიპლომი რომელიც სახლში მიდევს, არასოდეს არაფერში არ გამომიყენებია, 90-იან წლებში რომელ სწავლა განათლებაზე იყო საუბარი, თუმცა უნივერსიტეტი ერთგვარი თავშესაფარი იყო ჩვენთვის, სულ ორი პროფესია იყო პოპულარული, სამედიცინო ან იურიდიული, მე აქედან ავირჩიე რეჟისურა, არც მომავალი, არც პერსპექტივა, არაფერი არ იყო.ამიტომ ჩემმა თაობამ რაც ისწავლა თავისით ისწავლა, იქ დაიწყო მუშაობა, სადაც კარი არ დაუკეტეს, ახლა უკვე უამრავი საშუალება აქვთ სტუდენტებს, სასწავლო გრანტები, გაცვლითი პროგრამები, ინტერნეტი, რომელიც გაკავშირებს მთელს სამყაროსთან. დღეს შეგიძლია ოთახიდან არ გახვიდე და სამუშაო გქონდეს, ეს დიდი ასპარეზია ნიჭიერი ადამიანებისთვის. მადლიერი ადამიანი ვარ და ვცდილობ ამ ბნელ წარსულშიც დადებითი დავინახო, რეჟისორის პროფესიამ დიდი გამოცდილება მომიტანა შემდგომ წლებში, ახლა კი ხატვაშიც მეხმარება, გარდა ამისა თეორიულად დავაკავშირე მხატვრობა კინოს, ვიკვლევ და ვსწავლობ, სულ ვცდილობ განვითარებას, საკუთარი დანიშნულების პოვნას.იაპონელებს აქვთ ფილოსოფია „იკიგაი“,რაც სწორედ საკუთარი დანიშნულების შეგრძნებას ნიშნავს, იპოვო საქმე რომელსაც მიჰყავხარ ვნებამდე, დინების განცდამდე. თუ ამას მოვახერხებთ რა ასაკშიც არ უნდა ვიყოთ. დარწმუნებული ვარ საქმე, რომელიც დიდი სიყვარულით კეთდება, ყოველთვის მოგვიტანს წარმატებას, შემოსავალსა და ბედნიერ ცხოვრებას.