LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკფოლი სანქციებზე: ეს შეიძლება იყოს ყველა, ვინც პირდაპირ ან ირიბად კვებავს პუტინის ომს

104
მაკფოლი

რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი, მაიკ მაკფოლი ამბობს, რომ ჯგუფის წევრების ნაწილს ჰქონდა სურვილი, ემსჯელა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნების წარმომადგენლების სანქცირების რეკომენდაციის გაცემაზე, თუმცა, ჯერჯერობით, ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ჯგუფი დამოუკიდებელია და არავითარი ფორმალური კავშირი არ გვაქვს არცერთ მთავრობასთან. ჩვენ ყოფილი თანამდებობის პირები ვართ, უმეტესობა პროფესორია. ბევრი უკრაინიდანაა, ბევრი – აშშ-დან, ზოგი გერმანიიდან და რუსეთიდანაც კი. ჩვენ არაფორმალურად ვხვდებით, ქვეჯგუფებიც გვაქვს.

რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთმა ქვეჯგუფმა თქვა, რომ თუ გვინდა უფრო ეფექტურები ვიყოთ სანქციებში, უნდა გავცდეთ რუსეთს და ბელარუსის, გერმანიის, საქართველოს მოქალაქეების სანქცირების რეკომენდაციაც გავცეთ. თუმცა ეს გადაწყვეტილება არ მიგვიღია, იმიტომ, რომ წინააღმდეგობრივია. ბევრს ჩვენს ჯგუფში სურს ფოკუსი კვლავ რუსეთზე შევაჩეროთ. ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში მსგავს რეკომენდაციას არ გავცემთ“, – აცხადებს მაიკლ მაკფოლი.

კითხვაზე, ვინ შეიძლება განიხილებოდეს ინდივიდუალურ სანქცირებაზე, მაკფოლი გვარების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა პრინციპს განმარტავს:

“ჩემი მოსაზრებაა, რომ თუ ეხმარები პუტინის ომს პირდაპირ ან ირიბად, ამაზე პასუხი უნდა აგო. თუ, მაგალითად, რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოში ხარ, რომელიც ეხმარება პუტინს ომში… შესაძლოა, პირადად შენ არ ხარ ჩართული, მაგრამ საბჭოში თუ ხარ, პასუხისმგებლობას იზიარებ. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრედერმა გადაწყვიტა, შეცვალოს თავისი აფილირება რუსეთთან ამ არგუმენტით, მაგრამ არის კიდევ ბევრი უცხოელი, რომელიც ამ კრიტერიუმებს ერგება. არა მხოლოდ საქართველოდან. შეიძლება, ვინმე ამერიკელიც მოხვდეს ამ კატეგორიაში. ეს შეიძლება იყოს ყველა ინდივიდი, ორგანიზაცია და მთავრობა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად კვებავს პუტინის ომს. მათ პასუხი უნდა აგონ. ეს ომი ბარბაროსულია“ ,- ამბობს მაკფოლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g