PMC კვლევითი ცენტრის ცნობით, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის აღდგენა ეტაპობრივია და ჯერ კიდევ არ არის დაბრუნებული პანდემიამდელ მაჩვენებელს. 2022 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ვიზიტების მთავარი წყარო საქართველოს მეზობელი ქვეყნები იყვნენ და ვიზიტების 53%-ს შეადგენდნენ. ამას გარდა, ვიზიტების რაოდენობის მიხედვით გამოიკვეთა ისრაელი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი, ირანი და საუდის არაბეთი. ამასთან, ადგილობრივმა ვიზიტებმა პანდემიამდელ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბა და მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.
როგორც PMC კვლევითი ცენტრი იუწყება, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საზღვრის კვეთის სტატისტიკაში გამოვლინდა მნიშვნელოვანი განსხვავებები რუსი, ბელარუსი და უკრაინელი ვიზიტორების შემოსვლებისა და გასვლების რაოდენობებში. კერძოდ, 2022 წლის მარტი-ივნისის განმავლობაში, რუსების შემოსვლები, დაახლოებით, 101 ათასით აღემატებოდა გასვლებს, როცა უკრაინელებისთვისა და ბელარუსებისთვის ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 27 და 20 ათასია.
„საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების ზრდის ორი ძირითადი წყარო აღნიშნულ პერიოდში რუსეთი და ბელარუსი იყო. ამას გარდა, 2022 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები სომხეთიდან, ევროკავშირიდან, საუდის არაბეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან“, – წერია PMC კვლევითი ცენტრის კვლევაში.