რუსი ტურისტი – სტუმარი თუ მასპინძელი? – კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია „ეისითის“ მიერ ივნისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ გამოხატავს ღია უკმაყოფილებას რუსი ეროვნების ტურისტების დიდი რაოდენობით საქართველოს საკურორტო ზონებში თავმოყრის გამო, მათი უმეტესობა (57%) ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეზღუდოს რუსეთის მოქალაქეების მიერ ბიზნესის წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის, ტურისტულ ზონებში), რადგან:
რუსეთი საქართველოს მტერია (40.6%);
რუსეთის მოქალაქეების მიერ წარმოებული ბიზნესი საქართველოში კონკურენციას უწევს ადგილობრივ ბიზნესს და შედეგად ამცირებს მათ შემოსავლებს (37.9%);
რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ (11.1%).
„რუსი „ტურისტებისთვის“ საქართველოში ხელშემწყობი ბიზნესგარემოს შექმნა, პირდაპირი ეკონომიკური საფრთხის შემცველია ადგილობრივი ბიზნესისთვის, რამდენადაც ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ზრდის კონკურენციას ქვეყნის ბაზარზე და, შესაბამისად, უარყოფით ზეგავლენას ახდენს ამ გზით მოსალოდნელ ფინანსურ კეთილდღეობაზე. პროცესის მსხვერპლად კი გვევლინებიან ის ბიზნესები, ვინც წლიდან წლამდე ტურისტული სეზონის მოლოდინშია და რომელთა ეკონომიკური სიძლიერე სეზონური შემოსავლის მთელ წელზე გადანაწილების პრინციპზეა აგებული“, – წერია „ეისითის“ კვლევაში.