ბათუმში უცხოელი ვარსკვლავები საკუთარ შემოქმედებას, კარგ განწყობას და დადებით აურას უკვე მეთხუთმეტე წელია, გვიზიარებენ. სწორედ ამდენს ითვლის შავი ზღვის ჯაზფესტივალი თავისი ფერადი დღეებით, საინტერესო მუსიკალური პერფორმანსებითა და კიდევ რაღაც ისეთით, რასაც ბლექ სი ჯაზფესტივალის მუდმივი დამსწრეები ზუსტ ახსნას ვერც უძებნიან – აქ მხოლოდ მუსიკა არ არის, ჯაზფესტივალი ბათუმში – ეს ყოველთვის არის რაღაც ახლის დასაწყისი, საინტერესო თავგადასავალი მარტო თუ მეგობრებთან ერთად, გასახსენებელი ისტორიები და რაც მთავარია, შეხვედრები მათთან, ვისაც შეუძლია ხარისხიანი და ცოცხალი მუსიკის შემოთავაზება, ჩვენ კი მას ხარბად ვეწაფებით – მით უმეტეს ახლა, ხანგრძლივი ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ.
ბათუმში დაბრუნდა ის დღეები, რომელთაც ზაფხულის განმავლობაში ყველანი ველოდებით ხოლმე და ვსვამთ კითხვას, ამჯერად ვისთან შეხვედრა გველის “ისთერნ ფრომოუშენსის” დახმარებით?
the Next Movement ”ბლექ სი ჯაზფესტივალის” სცენაზეა – ფესტივალის გახსნის დღე ???✌️
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Friday, August 12, 2022
“ჯორჯია ჩემს გონებაში. ბათუმი, ძალიან გვიყვარხართ. დიდი მადლობა” – ასე დაასრულა ჯგუფმა The Next Movement თავისი სრულიად თავბრუდამხვევი გამოსვლა შავი ზღვის ჯაზფესტივალის მრავლისმნახველ სცენაზე, სადაც ასეთი ენერგიული ფანკის, ჯაზის, რიტმ ენდ ბლუზისა და ჰიპ ჰოპის ნარევი იშვიათად თუ წარუდგენიათ. მსმენელის რეაქციაც შესაბამისი იყო, სრული მხარდაჭერა მუსიკოსებს ასეთივე ენერგიული მოძრაობებით, ხელების მაღლა აწევითა და აპლოდისმენტების ზღვით, რომელიც ზღვის პირას გამართულ ფესტივალს კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენს სცენაზე გამომსვლელებისთვისაც და სცენასთან მდგომებისთვისაც.
მანამდე კი ჯაზფესტივალისთვის ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე შეკრებილ საზოგადოებას ულამაზესად შეფუთული სივრცე დაგვხვდა, სადაც ნახავდით სხვადასხვა სასმელის კუთხეს, ადგილს, სადაც სახის ლამაზად გაბრწყინებას შეძლებდით სპეციალისტების დახმარებით, შამპანურსაც დააგემოვნებდით, ჰოთდოგსაც მიირთმევდით, ჯაზფესტივალის ლოგოთი დამშვენებულ საზღვაო ჩასაცმელსაც შეიძენდით და რაც მთავარია, ქართული ჯგუფის მოსმენის საშუალებაც გექნებოდათ – გახსნის დღეს ჯაზფესტივალის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ასპარეზი შვეიცარიულ ტრიომდე ბათუმის უნივერსიტეტის ბენდისთვის დაეთმოთ, შემდეგი კი Boris band Combination გახლდათ ჩეხეთიდან, ჩეხეთის საელჩოს სპეციალური მოწვევით… საქსოფონის მყარი მელოდიური ნახაზები, დრამერის მიერ შექმნილი რიტმის სინთეზით, ნამდვილად ტოვებდა საუკეთესო შთაბეჭდილებას ჩამოსული მუსიკოსების შესახებ და კიდევ უფრო დიდი სიამოვნების მისაღებად ნაბიჯ-ნაბიჯ გვამზადებდა.
გახსნის დღე ჩვენ მიერ უკვე ნახსენებმა The Next Movement-მა დაასრულა, რომელმაც საუკეთესო საცეკვაო განწყობით აავსო დამსწრეები.
ჯაზფესტივალის მეორე დღეს Al mckay Alstars-მა ცნობილი ჯგუფის Earth Wind and Fire-ის ცეცხლოვანი და ლეგენდარული კომპოზიციები საოცარი შესრულებით წარადგინა Black Sea ჯაზფესტივალის მსმენელის წინაშე. სრული ანშლაგი და ცნობილი კომპოზიცია Fantasy, რომელმაც გულგრილი ვერავინ დატოვა… ❤️❤️❤️
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Saturday, August 13, 2022
რამდენიც უნდა ვისაუბროთ ფესტივალის სამ დღეზე, სრულიად ცხადია, რომ ლეგენდარული ჯგუფის Earth Wind and Fire-ის გიტარისტის, ჯგუფის არაერთი ცნობილი კომპოზიციის, მათ შორის September-ის თანაავტორის, ელ მაქკეის ოლსთარი Earth Wind and Fire-ისადმი მიძღვნილი პროექტით ყველაზე მეტი ინტერესის გამომწვევი აღმოჩნდა ფესტივალზე დასწრების მსურველთა შორის. კორტების ტერიტორია მალევე გაივსო და ყველა ბავშვობის დროინდელი ნოსტალგიური მელოდიების თუ ახლახან ახალი თაობის მიერ აღმოჩენილი ცნობილი სიმღერების მოსასმენად იყო განწყობილი. Earth Wind and Fire მუსიკაში წლებია არის და ახალი თაობებისთვისაც ისეთივე მისაღები და საყვარელი ხდება, როგორც ეს მაშინ იყო, როცა ჯგუფის წევრები შემოქმედების პიკში იყვნენ და ჰიტებს ერთი მეორეს მიყოლებით ქმნიდნენ. სცენაზეც და სცენასთანაც საოცარი ერთსულოვნება სუფევდა – ერთი მხრივ, არტისტებმა იცოდნენ, რას სთავაზობდნენ მსმენელს, მეორე მხრივ კი, მსმენელიც მზად იყო მუსიკალური გენიალურობის მზარდი პორციის კიდევ ერთხელ მისაღებად, არავინ იშურებდა ენერგიას, აპლოდისმენტებსა და შეძახილებს, როდესაც მორიგი ნაცნობი კომპოზიცია ისმოდა. მუსიკოსებმაც ბოლომდე გადაწყვიტეს დახარჯვა და პროგრამა საკმაოდ დიდხანს გააგრძელეს ყველა იმ ჰიტის წარმოჩენით, რომელიც უკვე მუსიკის ისტორიადაც შეიძლება ჩაითვალოს თავისი უდიდესი გავლენებით, რასაც წლებია, ახდენს პოპკულტურაზე.
პროგრამის ბოლოს მუსიკოსებმა საქართველოს სიყვარული აუხსნეს და აღნიშნეს, რამ გაახარათ ყველაზე მეტად: “გვინდა გთხოვოთ, რომ გააგრძელოთ ცოცხალი მუსიკის მხარდაჭერა. შეხედეთ, რამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი… და ისინი უსმენენ ნამდვილ მუსიკას…”
ქენდი დალფერის ცნობილი კომპოზიცია Lily Was Here – შესანიშნავი შესრულება მუსიკოსისგან შავი ზღვის ჯაზფესტივალზე ❤️❤️❤️
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Sunday, August 14, 2022
ქენდი დალფერი საქსოფონისტია, რომელიც 90-იანი წლებიდან დეივ სტუარტის დახმარებით სულ ახალგაზრდა ასაკში შეიჭრა შოუბიზნესის სამყაროში კომპოზიციით Lily Was Here და მას შემდეგ, მრავალი წელია, სცენიდან კიდევ ერთხელ გვახსენებს, როგორია კარგი მუსიკა.
ქენდის ბენდი ყოველთვის იმსახურებს აღფრთოვანებას – თბილისში თუ ბათუმში, შესანიშნავი მუსიკოსების წყალობით, შეკრებილი მსმენელი საუკეთესოდ გრძნობს თავს ნაცნობი კომპოზიციების საბურველში. თუმცა ამჯერად ქენდი დალფერმა ბლექ სი ჯაზფესტივალზე უახლოეს პერიოდში გამოსაცემად გამზადებული ახალი ალბომის რამდენიმე ნამუშევარი ხანგრძლივი ოვაციებიდ თანხლებით წარმოგვიდგინა და გაგვაცნო მომღერალი, რომელმაც შესრულების გარდა, დისკში საკუთარი წვლილი სიმღერების ტექსტების შექმნითაც შეიტანა. ქენდის ბენდზე საუბრისას მასთან ერთად ბათუმში ჩამოსული ორი ვოკალისტის გამოყოფის გარეშე მის გუშინდელ პერფორმანსზე სრულ სურათს ვერ შევქმნით – დალფერის უშუალო რეპერტუარის გარდა ბობი ქოლდუელის, პრინცის და სხვა დიდებული არტისტების ცნობილი კომპოზიციების შესრულებისას ორივე მათგანმა მაღალი კლასის საშემსრულებლო ტექნიკა გვაჩვენა… 52 წლის საქსოფონისტმა კი სიამოვნებით გაგვაოცა, პროფესიონალური შესრულების გარდა იმითაც, რომ ორსაათიანი უწყვეტი პერფორმანსის განმავლობაში თავად არც ერთი წამით არ შეუსვენია – ის ყველა წამით ტკბებოდა, გვახსენებდა, რომ სასმელი უნდა შევივსოთ, გავთავისუფლდეთ ყოველგვარი ნეგატიურისგან, დავივიწყოთ ომი და მხოლოდ სიყვარულზე ვიყოთ კონცენტრირებულნი – სიყვარული და მუსიკა – სწორედ ეს ორი მთავარი მუდმივა ტრიალებდა ბათუმის ჰაერში ქენდი დალფერის ხანგრძლივ კონცერტზე, რომელიც მუსიკოსის მსმენელის რიგებთან მიახლოებით დასრულდა…
ბათუმის ჯაზფესტივალის სამდღიანი თავგადასავალი ქენდი დალფერის ენერგიული გამოსვლით დაიხურა. ჯაზფესტივალის ორგანიზატორები კი უკვე შემდეგ საინტერესო პროექტებზე იწყებენ მუშაობას. “მუსიკა ყველას ეკუთვნის” – ეს წლევანდელი შავი ზღვის ჯაზფესტივალის მთავარი სლოგანი იყო და ჩვენც სიამოვნებით მივიკუთვნეთ ეს არაჩვეულებრივი დღეები ანგარიშზე…
ფოტო: გიორგი გრძელიშვილი, Savemoment Studio