LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალადობაგამოვლილ ყველა ქალს უწევს ამტკიცოს, რომ ძალადობა არ დაუმსახურებია, “კარგი ცოლი” და “კარგი დედა” იყო…” – იურისტი, რომელიც მსხვერპლ ქალებთან მუშაობს

127
ანათავხელიძე

რისი მტკიცება უწევთ და რა გზას გადიან ძალადობის მსხვერპლი ქალები – ამის შესახებ წერს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტი ანა თავხელიძე, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობს.

6 წელია თითქმის ყოველდღე ვუსმენ ძალადობაგამოვლილ ქალებს, ერთი შეხედვით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულებს – რეალიზებულ, წარმატებულ ქალებს, ქალებს, რომლებსაც არასდროს მისცემიათ დასაქმების შესაძლებლობა, ემიგრანტ ქალებს, სოფლად მცხოვრებ ქალებს, განსხვავებული მატერიალური მდგომარეობის მქონე ქალებს, ჩემს თანატოლებს და ჩემზე გაცილებით უფროს ქალებს…

ყველა ეს ქალი, რომელიც იწყებს ბრძოლას თავისი უფლებების დასაცავად, ერთსა და იმავე გზას გადის.

ძალადობაგამოვლილ ყველა ქალს უწევს ამტკიცოს რომ მატერიალური დაინტერესება არ აქვს, თუ ის პარალელურად ქონებრივ დავას იწყებს;

ძალადობაგამოვლილ ყველა ქალს უწევს ამტკიცოს რომ ძალადობა არ დაუმსახურებია და რომ “კარგი ცოლი” და “კარგი დედა” იყო;

ძალადობაგამოვლილ ყველა ქალს უწევს ახსნას რატომ მაინცდამაინც დღეს მიმართა პოლიციას და არა გუშინ ან ხვალ;

ძალადობაგამოვლილ ყველა ქალს უწევს ახსნას რატომ აგროვებდა მტკიცებულებებს თუ “ცუდი ზრახვები” არ ჰქონდა;

ძალადობაგამოვლილ ყველა ქალს უწევს ახსნას რატომ არ აგროვებდა მტკიცებულებებს თუ მასზე ძალადობდნენ;

ძალადობაგამოვლილ ყველა ქალს, რომლის შვილებმაც ასევე ძალადობა განიცადეს, უწევს ახსნას რატომ ვერ დაიცვა შვილი ძალადობისგან;

ძალადობაგამოვლილ ყველა ქალს უწევს ამტკიცოს, რომ მის მიმართ ძალადობა იმდენად მძიმე იყო, რომ ეს “ოჯახის საქმედ” ვერ დარჩებოდა და ვერც “შვილების ხათრით” მოითმენდა

პრაქტიკაში ჯერ არ მქონია საქმე, სადაც დაზარალებულს ამ კითხვებისთვის არ ვამზადებ.

თუ ქალმა ეს ყველაფერი კარგად არ აუხსნა სახელმწიფოს და არ დაარწმუნა თავის “იდეალურ მსხვერპლობაში,” დიდი ალბათობით მისთვის “მართლმსაჯულების კარი” არ გაიღება/დაიხურება.

ზოგჯერ ამ ქალების საქმეებს მხოლოდ მასშტაბები განასხვავებს, თორემ ისე, საქართველოში ძალადობაგამოვლილი უკლებლივ ყველა ქალი, რომელიც ხმას ამოიღებს, ამ გზას გადის.
პ.ს. მოკლული ქალებიც ამ გზას გადიან. თუ გაუმართლათ, შვილები ან მშობლები ამტკიცებენ მათი სახელით”, – წერს თავხელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g