„მე არ ვიცი ამ დღეების არის, იქნებ ორი თვის, არ ვიცი, წაშლილია, არ არის წაშლილი, არ ვიცი მე ტექნიკოსი არ ვარ და როგორ აგიხსნათ“, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა სუსის ყოფილ მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილის საქმესთან დაკავშირებულ საკითხზე, რომელიც N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიდეოკამერების მუშაობას უკავშირდება.
როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, აღნიშნულის შესახებ სპეციალისტებს უნდა ჰკითხონ:
„მე არ ვიცი, ამ დღეების არის, იქნებ ორი თვის, არ ვიცი, წაშლილია, არ არის წაშლილი, არ ვიცი მე ტექნიკოსი არ ვარ და როგორ აგიხსნათ, ცხრა კამერა იყო თუ ხუთი. არ ვიცი შიგნით სისტემა, როგორ მუშაობს ეს კამერები და როგორ აქვთ მოწყობილი. ჩემს სამსახურში რომ მკითხოთ, გეტყვით, ვიცი და რაც არ ვიცით, უნდა ვკითხოთ სპეციალისტებს. როგორ მუშაობს, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ“, – განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმეზე შესწავლის შედეგები გამოაქვეყნა.
როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, სოსო გოგაშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან დაადასტურა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების კონკრეტული დროის მონაკვეთები, ამის შემდეგ კი სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება მოითხოვა.
გავრცელებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აღნიშნულ მოთხოვნაზე სახალხო დამცველის აპარატს აცნობეს, რომ მითითებულ თარიღებში N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები.