LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრამერი: თუ პოლიტიკურ ფიგურებს სურთ, ამ ქვეყნის პროგრესი იხილონ, მათ უნდა იმუშაონ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ყველა პუნქტზე

64
დევიდ კრამერი

„ვფიქრობ, ევროკავშირის გადაწყვეტილება იმის გამოხატულებაა, რომ მთავრობამ მეტი უნდა გააკეთოს და იმედი მაქვს, რომ ამას შეასრულებს“, – ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ შეთავაზებული თორმეტივე პუნქტი არის მნიშვნელოვანი და არ მიიჩნევს, რომ რომ რომელიმე არის ნაკლებად მნიშვნელოვანი.

როგორც დევიდ კრამერმა აღნიშნა, თუ ქართველ პოლიტიკოსებს სურთ ქვეყნის პროგრესი იხილონ, ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ 12-პუნქტიან გეგმაზე ერთობლივად უნდა იმუშაონ.

„თუ პოლიტიკურ ფიგურებს სურთ, ამ ქვეყნის პროგრესი იხილონ, მათ უნდა იმუშაონ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ყველა პუნქტზე. ყოველი მათგანი მნიშვნელოვანია და მსურს ვიხილო მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, პარლამენტის ერთად მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წავიდეს, დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ – ეს არის საქართველოს ინტერესში, ეს არის შეერთებული შტატების ინტერესში, ევროკავშირის ინტერესში და დასასრული ყველასთვის საუკეთესო იქნება“, – განაცხადა კრამერმა.

დასმულ კითხვაზე, რომ საქართველოში ბოლო დროს ანტიამერიკული პროპაგანდა იზრდება, კრამერმა უპასუხა, რომ ცალკეული პირების კომენტარების მიუხედავად ქართველი ხალხი პროამერიკული და პროდასავლურია.

„ვაცნობიერებთ, რომ არსებობს გარკვეული დაძაბულობა ცალკეული პირების მიერ გაკეთებული კომენტარების გამო. ასევე ვაცნობიერებთ, რომ ქართველი ხალხი რჩება კვლავ ძალიან პროამერიკულად, ძალიან პროდასავლურად, ძალიან პრონატოელად, ძალიან პროევროკავშირულად და ვფიქრობ, ეს არის ის, რაზედაც ყურადღება უნდა გავამახვილოთ.

ქართველი ხალხი მიისწრაფვის თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრებისკენ, თავიანთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. ამ კუთხით, შეერთებული შტატები, ევროკავშირი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან და მიუხედავად ცალკეული კომენტარებისა, ჩვენ ჩართულები დავრჩებით.“– განაცხადა კრამერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g