„საქართველო ჯანმრთელობის საყოველთაო მოცვისკენ მიმავალ გზაზე დგას, თუმცა ჯანდაცვაში ხარვეზები კვლავ რჩება“, – ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უახლეს ანგარიშშია აღნიშნული.
„ჯანმრთელობის დაცვის სისტემები მოქმედებაში: საქართველო“ – ამ სახელწოდების დოკუმენტში საუბარია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევებზე და ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფინანსური დაცვის ნაკლებობა, ჯანდაცვის მუშახელის დეფიციტი და არაგადამდები დაავადებების გავრცელება.
? ანგარიშის მიხედვით ჯანდაცვის ხარჯები ფინანსური სიდუხჭირის ხშირი მიზეზია:
„2013 წლიდან საქართველო ცდილობს უზრუნველყოს საყოველთაო ჯანდაცვის მოცვა, თუმცა, ამბულატორიული მედიკამენტების მაღალი ღირებულების გამო ჯიბიდან გადახდები ისევ დიდ ბარიერად რჩება ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ ხაზს უსვამს 2013 წლიდან მიღწეულ პროგრესს საჯაროდ დაფინანსებულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, რამაც ფინანსური ბარიერების შემცირების გზით მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს საშუალება მისცა ჯანდაცვის სერვისებზე ჰქონოდა წვდომა. თუმცა, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, დაბალია, დაფარვის პოლიტიკა უკიდურესად რთულია და არსებობს მაღალი თანაგადახდები. გარდა ამისა, პირველადი ჯანდაცვის მეკარიბჭის ფუნქცია სუსტია და პაციენტს აქვს ჯანდაცვის სერვისების უფრო სპეციალიზებულ დონეზე წვდომის ძლიერი სტიმული.
„ჯანმრთელობის დაცვის სისტემები მოქმედებაში: საქართველო“ ერთ-ერთია იმ ანგარიშთაგან, რომლის მიზანიც ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნის ჯანდაცვის სისტემების ანალიზია. ანგარიში ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისისა და ჯანმრთელობის სისტემებისა და პოლიტიკის ევროპული ობსერვატორიის ერთობლივი პროდუქტია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
აღნიშნულ ანგარიშს აფასებს ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე:
„უახლესი ანგარიში ასახავს თითოეული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევებს. ეს საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს არა მხოლოდ შეაფასონ, როგორ ვითარდება მათი ჯანდაცვის სისტემა ჯანმოს ევროპის სამუშაო პროგრამის (EPW) პრიორიტეტების ფარგლებში, არამედ მოახდინონ შედარება სხვა ქვეყნებთან ჯანმრთელობის კონკრეტულ საკითხებზე.
მტკიცებულებაზე დაფუძნებული პროგრესის მონიტორინგით, პოლიტიკის შემქმნელებს შეუძლიათ უკეთ იხელმძღვანელონ, თუ რა სახის ინვესტიციებია საჭირო და რომელ სფეროში. არსებული ძლიერი მხარეების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ხარვეზებისა და გამოწვევების უკეთ გადასაჭრელად და, ამით, მხარი დაუჭირონ მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას აწმყოსა და მომავალში“, – აღნიშნავს კლუგე.
? როგორც გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, ერთ სულ მოსახლეზე ექიმების რაოდენობა ძალიან მაღალია, მაგრამ ექთნების მწვავე დეფიციტია:
„საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ექთნების რიცხვი 2013 წლიდან იზრდება, მაგრამ ის ძალიან დაბალია ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით: 2020 წელს 100 000 მოსახლეზე მხოლოდ 555 ექთანი მოდიოდა.
შორეულ და სოფლად დასახლებულ პუნქტებში სამუშაოდ პერსონალის დაქირავება და შენარჩუნება მნიშვნელოვანი პრობლემად რჩევა და სამედიცინო პერსონალის მარაგთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ცხადჰყოფს შეუსაბამობას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. სამედიცინო პერსონალის უმეტესობა მუშაობს სტაციონარულ დაწესებულებებში. 2019 წელს ეს მოიცავდა ექიმების 52%-ს და ექთნებისა და ბებიაქალების 71%-ს. პირველადი ჯანდაცვის უახლესი რეფორმა ითვალისწინებს მულტიდისციპლინური ჯანდაცვის გუნდების ქსელზე გადასვლას, ექთნებისა და სოციალური მუშაკების როლის ზრდით“, – წერია ინფორმაციაში.
? ქვეყნის დაავადებების ტვირთის უმეტესი წილი არაგადამდებ დაავადებებზე მოდის, ინსულტი კი სიკვდილის წამყვანი მიზეზია:
„ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადებები და ინსულტი განაპირობებენ სიკვდილიანობის და ავადობის მაღალ მაჩვენებელს. საერთო ჯამში, არაგადამდები დაავადებების შედეგად გამოწვეული ნაადრევი გარდაცვალების ტვირთი იმდენად მაღალია, რომ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მდგრად განვითარებას. 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 37.7%-ს აქვს მაღალი არტერიული წნევა (აღემატება 2010 წლის მაჩვენებელს, რომელიც 33.4%-ს შეადგენდა), რაც მნიშვნელოვნად ზრდის ინსულტის რისკს, სათანადო მართვის არარსებობის შემთხვევაში. ანალოგიურად, იზრდება ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი. ასევე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია კვებითი რისკები, პლაზმური გლუკოზის მაღალი მაჩვენებელი უზმოზე და ჭარბი წონა.
წამყვანი ქცევითი რისკ-ფაქტორებია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება და არაჯანსაღი კვება. თამბაქოს მოხმარებამ 2020 წელს შეადგინა 31.7% 15 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში. თუმცა, საქართველომ თამბაქოს კონტროლი პრიორიტეტად აქცია და პოლიტიკის წარმატებული გატარების შედეგად, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი შემცირდა 10%-ით, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება შემცირდა 15%-ით და თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება საზოგადოებრივ ადგილებში შემცირდა 90%-ით“, – წერია ანგარიშში.
? მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ჯანმო დადებითად აფასებს საქართველოს პროგრესს დიდი სირთულის პირობებში:
„მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ საქართველომ პროგრესს დიდი გამოწვევების კონტექსტში მიაღწია: სუსტი ფინანსური დაცვა და პირველადი ჯანდაცვა, ექთნების მწვავე დეფიციტი და არაგადამდები დაავადებების გავრცელება წარმოადგენს მთავარ გამოწვევებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“, – აცხადებენ ჯანმო-ში.
ჯანმოს ქვეყნების ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების დირექტორის, ნატაშა აზოპარდის შეფასებით, პროგრესისა და გამოწვევების ხაზგასმით, ანგარიში ხელს შეუწყობს ქვეყნებს, გააგრძელონ თავიანთი ჯანმრთელობის სისტემების მონიტორინგი და ამასთან, საშუალებას აძლევს, უფრო ფართო კონტექსტში შეაფასონ ის:
“ლაკონური და ხელმისაწვდომი გზით, უახლესი ანგარიში გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას და მონაცემებს ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების შესახებ“.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, თითოეული მოსაზრება მოიცავს ქვეყნის უახლეს ინფორმაციას მისი ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაციის, დაფინანსების, ფინანსური დაცვის სტრატეგიების, რესურსებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ანტიმიკრობული რეზისტენტობის სტრატეგიების და ჯანმოს ევროპული სამუშაო პროგრამის წინსვლის შესახებ.
ახალი ანგარიში ჯანმოს ევროპის 72-ე რეგიონული კომიტეტის დროს თელ-ავივში, ისრაელში 12 სექტემბერს გამოქვეყნდა. უახლესი ანგარიში ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა.