ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
“ინტერპრესნიუსის” ცნობით, მოსამართლემ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებული 3 პირი და ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული 2 პირი – რატი ჩაჩანიძე, ირაკლი ასლანაძე, ნიკოლოზ ბაზაძე, ოთარ კვირაია და დავით ხარისჭირა.
რაც შეეხებათ დაკავებულ დავით ჯიჯეიშვილს, ასევე ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებულებს გიორგი ხორავასა და გიორგი კუჭავას, ისინი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
ადვოკატების უმრავლესობა დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.
ნიკოლოზ ბაზაძის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ უამრავი ახალი გარემოება იყო, რაც პროკურატურას უნდა გაეთვალისწინებინა.
ადვოკატის თქმითვე, ბაზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში გაუარესდა, რის გამოც მისი იქ ყოფნა წამებას არ უნდა დაემსგავსოს. კაკაბაძემ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა და ალტერნატივის სახით სასამართლოს 8000-ლარიანი გირაო შესთავაზა.
რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ დავით ჯიჯეიშვილის უფლებადამცველს, მას შუამდგომლობა არ ჰქონია.
შეგახსენებთ, შემთხვევა ცხვარიჭამიაში ორი თვის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი კი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მის დასაკავებლად სამართალდამცავი ორგანოები სამძებრო მოქმედებებს ახორციელებდნენ.