მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერი გახდა, წარმატებას არ შეუცვლია. უდაოდ, ის ახალგაზრდა დიზაინერებისთვის შთაგონების წყაროა”, – წერს Vogue დემნა გვასალიაზე.
ქართველი დიზაინერი გამოცემას თავის ადრეულ გამოცდილებებზე ესაუბრა, რამაც ხელი შეუწყო მისი კარიერის ჩამოყალიბებას. მან ასევე ილაპარაკა მოდის განათლებაზე და დამწყებ ხელოვანებსაც მისცა ორიოდე რჩევა. დემნა იხსენებს, როგორ დაიწყო მისი მოდის სფეროში მოღვაწეობა.
კითხვაზე, არის თუ არა აუცილებელი მოდის განათლება ახალგაზრდა დიზაინერისთვის, დემნა პასუხობს, რომ სკოლები მნიშვნელოვანია, მაგრამ მიიჩნევს, რომ დღეს კარგი სასწავლებლები არსადაა. ქართველი დიზაინერი ამბობს, რომ მოდის სკოლებში სწავლება 20 წლით ჩამორჩება დღევანდელ მოდასა და სამყაროს და მათ მეთოდოლოგიას უწუნებს.
დემნა ამბობს, რომ დიზაინერმა საკუთარი სურვილი და კრეატიულობა უნდა ავარჯიშოს:
“მე პირადად ბევრ ადამიანს ვუცვლი იდეებს და აზრს ვეკითხები ჩემს სტაჟიორებს, ასისტენტებს, ადამიანებს, რომელთან ერთადაც ვცხოვრობ, მზარეულსაც კი! მინდა გავიგო, მათი აზრით, ვინაა პოტენციური მომხმარებელი იმისა, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ”.
დიზაინერის თქმით, წარმატების გზაზე შეცდომების დაშვება მნიშვნელოვანია:
“წარუმატებლობის შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია… ეს საჭიროა.
მახსოვს საკუთარი თავი, როგორ ვიყავი შეშინებული იმაზე ფიქრით, რომ არაფერი გამომივიდოდა, რადგან არავის ვაღელვებდი. ამიტომ უნდა ვუთხრათ ახალგაზრდა შემოქმედებს, – ჰეი, წარუმატებლობა შესანიშნავია! იმიტომ, რომ ეს ერთადერთი გზაა წარმატებისკენ”.