ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველი იანვრიდან თამბაქო ახალი შეფუთვით გაიყიდება. ცვლილების თანახმად, ყველა ტიპის კოლოფი იქნება ერთფეროვანი და აკრძალული იქნება ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება.
„რაც შეეხება სადა შეფუთვას, მთავრობის დადგენილება გამოცემულია, რომელიც აზუსტებს ტექნიკურ მოთხოვნებს, თუ რას ნიშნავს სადა შეფუთვა. ამოქმედების ვადა პირველი იანვარი. რაიმე საფუძველი, რომ გადავადებაზე ვისაუბროთ, არ არსებობს, პირიქით, ტარდება ძალიან ბევრი შეხვედრა ყველა მონაწილე მხარის ჩართულობით, რათა მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება თამბაქოს კონტროლს, რაც არის უკვე დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით, შესრულდეს.
ეს ასევე გვაახლოებს ევროკავშირის მოთხოვნებთან, ევროდირექტივებთან და არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა პრევენციული ზომები, რაც უკავშირდება თამბაქოს მოწევის შეწყვეტას და თამბაქოს მოწევით გამოწვეულ მთელ რიგ დაავადებებს, თავიდან ავიცილოთ.“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად, „ფორტუნა“ თამბაქოს კონტროლის ალიანსს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ აღნიშნული ცვლილებების თანახმად, აკრძალული იქნება ბრენდის ლოგოს გამოყენება, თუმცა სადა შეფუთვაზე მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდის წარწერა.
რაც შეეხება ცვლილებების მიზანს, თამბაქოს კონტროლის ალიანსში ფიქრობენ, რომ აღნიშნული რეგულაცია გავლენას არა უშუალოდ მწეველ მომხმარებელზე, არამედ პოტენციურ მომხმარებლებზე, მოზარდებსა და ბავშვებზე მოახდენს.