LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გირჩი“ პარტიებს სთავაზობს, მხარი დაუჭირონ ხვიჩიას კანდიდატურას, სანაცვლოდ ომბუდსმენის მოადგილეების თანამდებობების დათმობას ჰპირდება

66
იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩი“ სახალხო დამცველის არჩევნებთან დაკავშირებით პარტიებს შეთავაზებით მიმართავს.

„გირჩის“ განცხადებით, იმ პარტიისგან, რომლისგანაც სახალხო დამცველად არჩევის დროს იაგო ხვიჩიას კანდიდატურაზე ყველაზე მეტ მხარდაჭერას მიიღებენ, მოადგილეობის თანამდებობებს დაუთმობენ.

როგორც პარტიის განცხადებიდან ირკვევა, ამ მოადგილეების მეშვეობით პარტიები შეძლებენ მათთვის პრიორიტეტულ თემებზე იმუშაონ.

პარტიაში ამტკიცებენ, რომ მათ წინადადების გაზიარების შემთხვევაში, სახალხო დამცველის არჩევა ფართო კონსენსუსის კარგი მაგალითი გახდება.

„გირჩის“ განცხადებით, ადამიანს ეკუთვნის საკუთარი სხეული და მისი ფუნდამენტური უფლებებია სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლება.

„ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფისთვის „ხელოვნურად მოგონილი „უფლებები“, რომლებიც ამ სამეულთან მოდის წინააღმდეგობაში, თავისი შინაარსით, პრივილეგიებია და არა უფლებები.

ციხეში მყოფი ადამიანები ყველაზე დაუცველები არიან სახელმწიფოს წინაშე. პატიმრების გარდა, უამრავი ადამიანი იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ და ჩამორთმეული აქვს ნორმალური ცხოვრებისთვის აუცილებელი უფლებები.

ჩვენი კანდიდატის არჩევის შემთხვევაში, სახალხო დამცველი და მისი აპარატი კონცენტრირებული იქნება მართლმსაჯულებისა და პენიტენციურ სისტემებში ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიან საპარლამენტო კონტროლზე.

სწორედ ამ უფლებებთან (სიცოცხლე, თავისუფლება, საკუთრება) დაკავშირებით გვექნება საკანონმდებლო ინიციატივები და მოვითხოვთ პარლამენტის მხარდაჭერას იმ ნორმატიული აქტების შესაცვლელად, რომელიც, ჩვენი წარმოდგენით, ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ვეცდებით დავარწმუნოთ საქართველოს პარლამენტი, რათა ისეთი დანაშაულები, რომელსაც დაზარალებული არ ჰყავს, მინიმუმ, ციხით არ ისჯებოდეს.

ამავდროულად, გვესმის რა, რომ განსხვავებულ პარტიებს ადამიანის უფლებების დაცვაში განსხვავებული ხედვები და პრიორიტეტები გააჩნია, ხოლო ევროინტეგრაციის კონტექსტში ფართო კონსენსუსი აუცილებელია, ჩვენ მივმართავთ ქართულ ოცნებას და ოპოზიციურ პარტიებს შეთავაზებით:

სახალხო დამცველს ჰყავს ორი მოადგილე. ამ ორ თანამდებობას დავუთმობთ იმ ორ პარტიას, რომლისგანაც ყველაზე მეტ მხარდაჭერას მივიღებთ სახალხო დამცველად არჩევის დროს. ამ მოადგილეების მეშვეობით კი პარტიები შეძლებენ მათთვის პრიორიტეტულ თემებზე იმუშაონ.

ჩვენი წინადადების გაზიარების შემთხვევაში, სახალხო დამცველის არჩევა ფართო კონსენსუსის კარგი მაგალითი გახდება. ეს არა მხოლოდ ევროინტეგრაციის პროცესში ითამაშებს დადებით როლს, არამედ ხელს შეუწყობს ამ ინსტიტუციის მეტ ეფექტიანობას, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი მოქალაქეების უფლებების უკეთ დაცვაში გამოიხატება.“ – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა განახლდა.

ამავე თემაზე:

მაპატიეთ, ეკლესიაში ვიყავი მთელი ეს წლები და არც კი ჩამიხედავს კანონში – სახალხო დამცველობის კანდიდატი

ომბუდსმენობის კანდიდატი: ჩემი სხეულის მესაკუთრე არის უფალი ღმერთი

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან ხდებოდა კანდიდატების აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შეჭრა” – სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი მარიკა არევაძე განცხადებას ავრცელებს

ხვიჩია: ჩემი კოლეგების თავში რაიმე რაციონალური თუ არსებობს, სახალხო დამცველად უნდა ამირჩიონ

პოპულარულები