თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის” ყოფილი წამყვანის, ლაშა ნაკაიძის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატმა ლალი ბიბილეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან მიიღო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რის საფუძველზეც დღევანდელ პროცესზე აპირებს დააყენოს შუამდგომლობა, რომ ნაკაიძის მიმართ 137-ე მუხლით დაწყებული გამოძიება, რაც გაუპატიურებას გულისხმობს, შეწყდეს.
ექსპერტიზა დაზარალებულს ჩაუტარდა, თუმცა ადვოკატი არ აკონკრეტებს, რა წერია დასკვნაში. მისი განმარტებით, ლაშა ნაკაიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
„დღეს არის წინასასამართლო სხდომა. ვიმსჯელებთ აღკვეთის ღონისძიებაზე და სიურპრიზს გეტყვით, მექნება შუამდგომლობა 137-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. მივიღეთ სასამართლო- სამედიცინო დასკვნა, რაც მაძლევს საფუძველს დავაყენო აღნიშნული შუამდგომლობა.
ადვოკატი ვარ და როგორ შეიძლება დავარღვიო კანონი და ვთქვა, რა წერია დასკვნაში. მე მგონი, გასაგებია. მეძლევა საშუალება იმისა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა დავაყენო. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.
მე გეუბნებით, რომ მას შემდეგ რაც მივიღეთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გვაქვს საშუალება, რომ 137-ე მუხლის, რაც გაუპატიურებას გულისხმობს, შეწყვეტის შესახებ. რაც შეეხება სხვა ბრალს, ამის შესახებ შემდგომ ვისაუბროთ.
ლაშა ნაკაიძე არაფერს აღიარებს, აღნიშნულ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. შეიძლება ხმამაღალი სიტყვაა, მაგრამ მე ძალიან მჯერა. მოვიდა ერთი ექპერტიზის პასუხი და მეორესაც ველოდებით.
რას მალავს დაზარალებული, ვის დაკვეთას ასრულებს, რატომ არ მისცა “აიფონის” კოდი გამოძიებას? – მეც ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. საოცარი ამბები ხდება საქმეში. მერწმუნეთ, ბევრ რაღაცას აეხდება ფარდა და მიხვდებით, რომ ლაშა ნაკაიძე მოძალადე არ არის”,- აცხადებს ლალი ბიბილეიშვილი.
რაც შეეხება კითხვას, აყენებს თუ არა დაზარალებული ქალის ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ, ადვოკატი პასუხობს, რომ ის ეჭვქვეშ არაფერს აყენებს.
“მე ეჭვქვეშ არაფერს ვაყენებ, მე არც ვამტკიცებ ჩვენ უდანაშაულობას, ბრალდებას ეკისრება დაგვიმტკიცოს ჩვენი დანაშაული. როცა დაინიშნა ექპერტიზა და მოითხოვეს ტელეფონები ლაშა ნაკაიძემ ის თავისი კოდებით გამოძიებას მისცა, რადგანაც გამოძიებასთან დასამალი არაფერი აქვს. ეტყობა დაზარალებულს ძალიან ბევრი აქვს დასამალი. ის თვალით არ მინახავს და მისი მიზანი არ ვიცი. მე იმას გეუბნებით რაც არის და დასკვნები თქვენ გამოიტანეთ”,- განაცხადა ლალი ბიბილეიშვილმა.
სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, რომელსაც ბრალდებულიც ესწრება.
შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე 3 მუხლით აღიძრა – „მთავარი არხი“ ტელეწამყვანთან თანამშრომლობას წყვეტს
ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს – მოსამართლემ სხდომა დახურა