9-10 ნოემბერს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, გაიმართა სათემო ლიდერთა ფორუმი კახეთში. ფორუმი ჩატარდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს თემის ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მთელი საქართველოდან,
ასევე სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
სათემო ლიდერთა წლევანდელი ფორუმი მრავალფეროვანი პროგრამით იყო წარმოდგენილი. დამსწრე საზოგადოებამ გაიცნო სხვადასხვა საინტერესო სათემო ორგანიზაცია, მოისმინა სათემო პროექტების სოციალური გავლენის კვლევის შედეგები, ჩაერთო და გახდა 2020-2022 წლების საუკეთესო სათემო ინიციატივის დაჯილდოების მონაწილე. ფორუმის განმავლობაში გაიმართა მულტისექტორული პანელური დისკუსიები შემდეგ თემებზე: „ქრაუდფანდინგი“, როგორც დაფინანსების ალტერნატიული შესაძლებლობა; ახალგაზრდული პოლიტიკა და შესაძლებლობები სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის; ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა თემის დონეზე.
„სათემო ლიდერთა ფორუმის მეშვეობით, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საინიციატივო ჯგუფებს, სათემო ორგანიზაციებსა და თემის ლიდერებს გააცნონ ფართო საზოგადოებას საკუთარი მიღწევები და იდეები, შეიტყონ სხვა შესანიშნავი ინიციატივების შესახებ და მიიღონ ინფორმაცია მათთვის აქტუალურ საკითხებზე. სწორედ ამ გზით გვსურს, გავაძლიეროთ თემი, რაც თავის მხრივ, ადგილობრივ დონეზე არსებული პოტენციალის უკეთ რეალიზებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრისათვის საუკეთესო გზას წარმოადგენს.“ – განაცხადა CSRDG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა ურუშაძემ.
„სათემო ლიდერთა ფორუმი“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღონისძიებაა ჩვენ სივრცეში, რომელიც სათემო ორგანიზაციების, თემის ლიდერებისა და საინიციატივო ჯგუფების მონაწილეობით, მათთვის და მათთან ერთად CSRDG-ის მიერ 2015 წლიდან რეგულარულად ეწყობა. ფორუმის მიზანია, სათემო ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტებისათვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება, სათემო ორგანიზაციების პოპულარიზაცია, თემთა შორის კონტაქტების გაღრმავება და რეგიონებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარება. ღონისძიების თემატიკა წლიდან წლამდე იცვლება იმ მოთხოვნების, საჭიროებებისა და
სურვილების შესაბამისად, რომელიც სათემო ორგანიზაციებს მოცემულ მომენტში აქვთ.
დღემდე ჩატარდა 7 სათემო ლიდერთა ფორუმი, რომელსაც დაესწრო ჯამში 600-ზე მეტი მონაწილე, დასახელდა 21 ნომინანტი და გამოვლინდა საუკეთესო სათემო ინიციატივების კონკურსის 6 გამარჯვებული.
ინფორმაცია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ შესახებ:
ფორუმი გაიმართა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
ინფორმაცია განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ:
ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, რომელიც 1995 წელს შეიქმნა და სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა თემის განვითარების პროგრამა, რომლის მიზანია, ადგილობრივი ლიდერების საინიციატივო ჯგუფების შექმნა/გაძლიერება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, ადგილობრივ დონეზე არსებული პოტენციალის უკეთ რეალიზება, თემის განვითარებაში ქალების ჩართულობის გაზრდა და მათი სამოქალაქო ლიდერებად ჩამოყალიბება.