LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: ერთადერთი კრიტიკული გზავნილი, რაც შეიძლება ევროკომისარს ჰქონდეს, არის ის, რომ ოპოზიციის ნაწილი რადიკალიზმზეა გადასული და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში არ მონაწილეობს

50
შალვა პაპუაშვილი

„ერთადერთი კრიტიკული გზავნილი, რაც შეიძლება საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ჰქონდეს, არის ის, რომ ოპოზიციის ნაწილი რადიკალიზმზეა გადასული და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში არ მონაწილეობს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხება იმას, რას აკეთებს პარლამენტი რეკომენდაციების შესასრულებლად.

„ერთადერთი კრიტიკული გზავნილი, რაც შეიძლება არსებობდეს, არის ის, რომ ოპოზიციის ნაწილი რადიკალიზმში არის გადასული და არ მონაწილეობს იმ პროცესში, რომელიც პარლამენტში 12 პუნქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

რაც შეეხება კომისრის ვიზიტს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. პარლამენტში გვექნება შეხვედრა, მათ შორის ოპოზიციასთან ერთად შევხვდები მას და გვექნება საუბარი იმაზე, თუ რას აკეთებს პარლამენტი იმისთვის, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდეს.

ჩვენ გვაინტერესებს მისგან, როგორია მისი ხედვა იმ გრაფიკთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ მოველით, რომ ევროკომისიამ შეაფასოს ჩვენი წინსვლა რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

საკმაოდ მჭიდრო გრაფიკით გადავწყვიტეთ მოქმედება იმისთვის, რომ საქმის ნაწილი შევასრულოთ და შემდეგ უკვე ევროკავშირს ვთხოვოთ, რომ შეაფასოს ჩვენი საქმიანობის შედეგები.

წინასწარი შეფასებები, რომელიც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გვესმის, რა ჩაითვლება და რა არ ჩაითვლება, ამაზე ლაპარაკი აბსურდია. არის რეკომენდაციები, რომელზედაც ევროკომისიის მხრიდან გვითხრეს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა უნდა იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანამ და პარლამენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ უპასუხებს ამ პრიორიტეტებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შეფასება, რამდენად პასუხობს სრულად, ნაწილობრივ თუ გადაჭარბებით ესა თუ ის გადაწყვეტა, რომელსაც პარლამენტი შეძლებს, რომ მოიფიქროს.

ამასთან, პაპუაშვილმა ეუთო/ოდირის დელეგაციის ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს და ხვალ მათ ექნებათ შეხვედრები როგორც ოპოზიციასთან, ასევე უმრავლესობასთან.

„მეც მექნება შეხვედრები იმისთვის, რომ მოიძიონ განმარტებები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. დეკემბრის შუა რიცხვებში გვექნება უკვე ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის ერთობლივი დასკვნა საარჩევნო რეფორმაზე.

აქვე ვიტყვი, რომ გუშინ ბიუროზე დაინიცირდა და ბიურომაც იურიდიულ კომიტეტს განსახილველად გადასცა სასამართლო რეფორმის პაკეტი, რომელიც ახლა ითარგმნება და უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიას გაეგზავნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სტუმრობს.

პაველ ჰერჩინსკი: იმედი მაქვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, მაგრამ ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ ელიტაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g