LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოგჯერ ერთი და იგივე ბინა რამდენჯერმე იყიდება“ – ფინანსური პირამიდა თუ მყიდველის შეცდომა, რა უნდა იცოდეთ ბინის შეძენამდე

329
BeFunky-collage (6)

ყველასთავის კარგად ნაცნობია ე. წ. “ფინანსური პირამიდის” ცნება, რომელიც წლების წინ სამშენებლო ბაზარზე მოხდა. სფეროს სპეციალისტები მაშინ ამბობდნენ, რომ კომპანიების ნაწილი მომხმარებლებისგან ბინის თანხას იღებდა და კორპუსის მშენებლობის დასრულების ნაცვლად ახალი ობიექტებისთვის მიწებს ყიდულობდა. ამან კი საბოლოოდ ისეთი პრობლემები შექმნა, რომ ბიზნეს სუბიექტებმა ვეღარც ახალ მიწებზე ააშენეს კორპუსები და ვერც დაწყებული მშენებლობა მიიყვანეს ბოლომდე. იყო შემთხვევებიც, როცა ბაზრის მცირე მოთამაშეებმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ ვალდებულებების დაკისრების შემთხვევაშიც მომხმარებლისთვის არაფერი შეიცვლებოდა. ის გადახდილ თანხას უკან მაინც ვეღარ დაიბრუნებდა.

დღეს სამშენებლო ბაზარზე ამ მხრივ სიტუაცია მეტ-ნაკლებად შეცვლილია. მომხმარებელიც, როგორც ჩანს, უფრო გაიზარდა და წარსულ შეცდომებს ითვალისწინებს, თუმცა როგორც გავარკვიეთ, არის შემთხვევები, როცა მოქალაქეებს პრობლემები აქვთ არა მხოლოდ მშენებარე, არამედ უკვე აშენებული ბინის შეძენის დროსაც.

იურისტი კი საქმეში უკვე იმ დროს ერთვება, როცა პროცესი გართულებულია. ამიტომ დღევანდელ სტატიაში ორივე მიმართულებას განვიხილავთ და გავარკვევთ, რა უნდა იცოდეთ, ე. წ. ძველი ბინის შეძენისას და რისი გათვალისწინებაა მთავარი, მშენებარე ბინის ყიდვის დროს.

 

 

  „წაიკითხეთ ხელშეკრულება, სანამ ხელს მოაწერთ“

 

სტატიის ამ ნაწილში ისეთ ქეისებს განვიხილავთ, როცა მომხმარებელი აპირებს უკვე აშენებული ბინა იყიდოს და მხოლოდ შეძენის შემდეგ აღმოაჩენს ხოლმე, რომ ამ ბინას ან ყადაღა აქვს დადებული, ან იპოთეკითაა დატვირთული ან გაქირავებულია. სამივე შემთხვევაში თქვენ დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებით. ასეთი შემთხვევები დაგროვდა იურიდიულ საკონსულტაციო კომპანია “სი ელ ესს”, სადაც გვითხრეს, რომ მთავარი მიზეზი წაკითხვის გარეშე ხელშეკრულებისთვის ხელის მოწერაა.

კომპანიაში გვიყვებიან, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოქალაქეს უყიდია ბინა და მხოლოდ შეძენის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის იპოთეკით იყო დატვირთული, ან წინა მეპატრონეს გაქირავებული ჰქონდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანები თავიდანვე დეტალურად ნახავენ საჯარო რეესტრის ამონაწერს, ამით პირველ რიგში მესაკუთრეს დაადგენენ, თუმცა აქაც ერთი დეტალია – მთავარია განახლებული ამონაწერი გქონდეთ და არ უნდა დათანხმდეთ ერთი თვის ან მეტი ხნის ამონაწერს. ასევე საჭიროა ბინის დეტალურად დათვალიერება მის შეძენამდე.

რაც შეეხება ამონაწერს, აქ რამდენიმე გრაფა შეგხვდებათ. პირველი – ეს მესაკუთრის გრაფა. ასევე იპოთეკის გრაფა, სადაც მითითებული იქნება – ბანკში არის თუ არა იპოთეკით დატვირთული, მესამე კი იჯარის გრაფაა. ფაქტია, ამონაწერში ჩანს ყველაფერი.

“შეიძლება იყოს შემთხვევა, რომ ბინა ყადაღა დადებული იყოს, ესეც ჩანს ამ ამონაწერში. შეიძლება ეწეროს, რომ საგადასახადო დავალიანება აქვს. რაც შეეხება უკვე უშუალოდ ყიდვის პროცესს, შეგიძლიათ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში გაფორმდეს, ან ნოტარიუსთან. ნოტარიუსთან გაფორმებას ზოგიერთ შემთხვევაში ერთი პლუსი აქვს. თუ ის ავტორიზებულია, საჯარო რეესტრის თემატიკას ხედავს, თავად შეუძლია ქონების დარეგისტრირება. საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ პირი უკვე მესაკუთრე ხდება”, – გვითხრეს იურიდიულ საკონსულტაციო კომპანიაში. 

 

   

  „არის შემთხვევები, როცა მოქალაქე ბინას კარგავს“

 

სტატიის ამ ნაწილში კიდევ უფრო გართულებულ ქეისებს განვიხილავთ – ანუ, როცა მოქალაქე მშენებარე კორპუსში ბინას ყიდულობს. აქაც არის განსხვავებაა – გააჩნია ე. წ. ჰაერს იძენს ადამიანი, ორი-სამი სართული მაინც არის აშენებული თუ მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. იურისტი გირჩევთ, ასეთ დროს, შეძენამდე გაიაროთ კონსულტაცია, რათა ერთად გაარკვიოთ, რა კომპანიაა, ხომ არ არის ის ვალაუვალი, რა გამოცდილება აქვს, რა აუშენებია, რა ვადებში და როგორი ხარისხით, ანუ ყველანაირი ინფორმაცია უნდა მოიძიოთ ამ კომპანიის შესახებ, რომ გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა მასთან თანამშრომლობა.

“მეორე საკითხი, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ ხელშეკრულებას ეხება, ანუ რა ტიპის ხელშეკრულებას გააფორმებთ კომპანიასთან თუ ინვესტორთან. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ზოგადად, ხელშეკრულების დადებისას უნდა გაითვალისწინოთ ისაა, რომ თქვენ მომავალ მესაკუთრედ იყოთ მითითებული.

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა მოქალაქე ბინას კარგავს, რადგან კომპანია ვეღარ აშენებს ფართს, არასწორი მენეჯმენტისა თუ სხვა მიზეზების გამო. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი სწორი სამართლებრივი ხელშეკრულება. თუ ამ კომპანიას ან ინვესტორს საკუთრებაში აქვს ფართი, ეს ცუდი შემთხვევაა, ის უნდა იყოს მომავალში თქვენი საკუთრება, ანუ უნდა ჩაიდოს ხელშეკრულებაში, რომ ის იქნება თქვენი საკუთრება.

კიდევ ერთი დეტალი საბანკო გარანტიაა, რაც ბინას აძვირებს, მაგრამ უფრო მეტად დაცული ხართ. ეს ნიშნავს, რომ ბანკი იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს გარკვეული თანხა კლიენტს, თუ კომპანია მშენებლობას ვერ დაასრულებს. ბანკი თუ გარანტორად დგება, ის მუდმივად ამოწმებს კომპანიას, მის საქმიანობას, რა ეტაპზეა, როგორ მუშაობს, რა ფინანსური რესურსი აქვს და ა. შ. ანუ ბანკი ისეთ ინვესტორთან თანამშრომლობას არ დაიწყებს, რომელსაც გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს ან ამის მაღალი რისკია”, – უთხრეს “ფორტუნას” კომპანია “სი ელ ესში”. 

ბინის შეძენის შემდეგ წარმოშობილი პრობლემების დროს არ არის გამორიცხული, საქმე სასამართლომდე მივიდეს, თუმცა იურისტებს უჭირთ წინასწარ საუბარი, როგორ დასრულდება ესა თუ ის საქმე, რადგან მათი თქმით, ეს ხელშეკრულებაზე, კომპანიის მდგომარეობასა და სხვა დეტალებზეა დამოკიდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g