საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა განმარტებისთვის დაიბარეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაბარების მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული მისი განცხადება, რომელშიც იგი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის.
„საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით და ელჩისგან მოითხოვა იმის დეტალური ახსნა-განმარტება, თუ რას ეფუძნებოდა პეტრ მიკისკას განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას.
ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ სამწუხაროდ მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება.
მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას, ელჩმა აგრეთვე დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით შეკითხვები არ არსებობს“, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღესვე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა:
„მედიაში გავრცელებული განცხადება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთის ფედერაციაში გატანის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ყალბ ინფორმაციას..
ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის (მ.შ. იმპორტის) სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ისევე როგორც ყველა ჩვენი პარტნიორისთვის.
ამ ფონზე, გასაკვირი და გაუგებარია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მხრიდან გადაუმოწმებელი, ყალბი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება და ყოველგვარი მტკიცებულებისა და დასაბუთების გარეშე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორი ქვეყნის მიმართ ეჭვის შეტანა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.