თბილისის მერის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც დასავლელი პარტნიორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, პატიმრობიდან გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი.
ამის შესახებ კახა კალაძემ საკრებულოში ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ ნორმალური არ არის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, თუ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ, საქართველო ევროკავშირს კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს:
„ევროპა და ევროპული ღირებულებები, ამაზე უკეთესი არაფერი არსებობს. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპაში და კარგად ვიცი, რა არის ევროპა, რა არის დემოკრატია, რა არის ევროპული ღირებულებები, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. მაგრამ, როდესაც ე.წ. ჩვენი მეგობრები მოგვიწოდებენ, აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ, აბსოლუტურად კონსტიტუციის წინააღმდეგი ქმედებებისკენ, რომ გაათავისუფლეთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რა თქმა უნდა, ეს განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია.
აქ შინაარსობრივად საუბარია იმაზე, რომ თუ თქვენ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არ მოგცემთ კანდიდატის სტატუსს.
გეკითხებით თქვენ, ეს ნორმალურია? ეს ლექსიკა, მიდგომები, დამოკიდებულებები, ნორმალურად მიგაჩნიათ? ეს არის ევროპული და დემოკრატიული ღირებულებები? ასე გვინდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა? განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა? ასე რომ, მეგობრებო, პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს. ვისთვის გვინდა ევროპა, ევროპული და დემოკრატიული ღირებულებები? – ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ იმ განცხადებებს, რასაც ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში ე.წ. მეგობრებისგან, მერწმუნეთ, არანაირი კავშირი არ აქვს არც ევროპასთან, არც ევროპულ ღირებულებებთან და არც დემოკრატიასთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს დეპუტატები საკრებულოში თბილისის მერის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს უსმენდნენ. დღესვე დაგეგმილია 2023 წლის ბიუჯეტის წარადგენა.
იცით, ვინ არის, ვისაც ესენი „ზონდერს“ ეძახიან?! – ხმაური და შეხლა-შემოხლა საკრებულოში