„გრძელდება მტრული დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ვინც უნდა იყოს, კალასი იქნება თუ სხვა, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი უნდა სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქართულ სახელმწიფოებრიობას“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას.
კახა კალაძის სიტყვებით, ბოლო დროის განმავლობაში გარკვეული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან მხოლოდ შანტაჟსა და მუქარას ხედავენ.
„გრძელდება მტრული დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, რა არის ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი. ზოგადად, ამ პროექტის განხორციელება საქართველოს გარეშე წარმოუდგენელი მგონია. ეს უბრალოდ არის პოლიტიკური ნარატივი და ის მტრული გამოხატულება და დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ქართულ სახელმწიფოსთან და ხალხთან მიმართებით ვხედავთ. ის მხოლოდ ტყუილზე და ცილისწამებაზეა დაფუძნებული.
შანტაჟი და მუქარა – ჩვენ მხოლოდ ამას ვხედავთ ბოლო დროის განმავლობაში გარკვეული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია – ვინც არ უნდა იყოს, კალასი იქნება თუ სხვა, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი უნდა სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქართულ სახელმწიფოებრიობას“, – თქვა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე „ევროსკოპის“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა: „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს – გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.
