მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან – 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 122 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც, არსებული მდგომარეობით, 70 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.
სააგენტოს ინფორმაციით, სამი თვის განმავლობაში, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 შეთანხმება გაფორმდა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი, ხოლო 1 შემთხვევაში არ დადასტურდა.
“მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 82% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 18% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, ამ ეტაპზე, 95%-ით თბილისი ლიდერობს.
მიღებული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეადგენს 32%, ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება 27%, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვა 17%, ნივთის უპირობოდ დაბრუნება 7%, ხოლო სხვა დანარჩენი 17%.
სამი თვის განმავლობაში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 72%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 17%-ს, ინფორმაცია და კომუნიკაცია 2%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 9%-ს”, – აღნიშნულია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის: ნებისმიერ პირს, დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში, უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, ხოლო 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში მოქმედებს ცხელი ხაზი (032) 2 05 4422; 598 05 4422 და ელ-ფოსტა: [email protected].