32 წელიწადზე მეტი გავიდა, რაც მარგარეტ ტეტჩერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, მაგრამ მისი პერსონა მაინც განხილვადია. ზოგი იხსენებს როგორც „ერის დედას“, ზოგი ეძახის „კუდიან ტეტჩერს“ და „რკინის ლედის“, ზოგიერთი კი უფრო შორს მიდის – მამაკაცი კაბაში. თვით რონალდ რეიგანიც კი მას „ინგლისის საუკეთესო კაცს“ უწოდებდა. მიუხედავად ყველაფრისა, თავად მარგარეტი თავს გაერთიანებული სამეფოს საუკეთესო ქალად მიიჩნევდა თავს.
ენამწარე მერი – ბაყალის ქალიშვილი
დაიბადა მარგო 1925 წლის 13 ოქტომბერს პატარა ქალაქ გრენთემში ბაყალი ალფრედ რობერტსის ოჯახში, რომელსაც რამდენიმე დახლი ჰქონდა, ქადაგებდა ადგილობრივ ეკლესიაში და გატაცებული იყო პოლიტიკით. ვაჟიშვილების არყოლის გამო მან მთელი თავისი არარეალიზებული პოლიტიკური ამბიციები უმცროს ქალიშვილს გადასცა. პატარაობიდანვე მარგო უფროს დასთან ერთად მკაცრად იზრდებოდა: წიგნების კითხვა, საკვირაო წირვებზე დასწრება და ყოველდღიური პოლიტიკური დისკუსიები სადილის დროს.
რადგან მარგარეტს დაუღალავი შრომა და სხვისი აზრის გაუთვალისწინებლობა ასწავლეს, გოგონას ყოყოჩს ეძახდნენ. მისი ბასრი გონებისა და ენის გამო თანაკლასელებმა მერი-ენამწარე შეარქვეს. მარგოს უამრავი გატაცებაც ჰქონდა. კარგად უკრავდა პიანინოზე, თამაშობდა ბალახის ჰოკეის, მისდევდა ცურვას, სპორტულ სიარულს და სიამოვნებით ესწრებოდა პოეტური ხელოვნების კურსებს. დისა და თანატოლებისგან განსხვევებით მარგარეტი ოცნებობდა არა ოჯახზე, არამედ კარიერაზე.
ქიმია თუ იურისპრუდენცია
სკოლის ბრწყინვალედ დამთავრების შემდეგ, 1943 წელს მარგარეტი ოქსფორდის სტუდენტი გახდა, რაც იმდროინდელი ქალისთვის თითქმის წარმოუდგენელი რამ იყო. თუმცა მარგო მალევე მიხვდა, რომ გაწბილდა არჩეულ პროფესიაში და ჯობდა იურისპრუდენციას გაჰყოლოდა. მიუხედავად ამისა, დიდი წარმატებით დაამთავრა და ქიმიკოსის დიპლომი მიიღო. მეტიც, მან რამდენიმე წელი სპეციალობით იმუშავა დიდი ბრიტანეთის პლასტმასების ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოში.
ამასთან, იურისტობაზე ფიქრი არ ტოვებდა. ის იურიდიულზე სასწავლებლად წავიდა ბავშვობის კუმირთან – უინსტონ ჩერჩილთან შეხვედრის შემდეგ, რომლის სიტყვამ და მიღწევებმა გოგონას პოლიტიკისკენ უბიძგა.
მარგო – მზრუნველი ცოლი და დედა
ცხოვრებისეული პერიპეტიების ფონზე 1949 წელს 24 წლის მარგარეტ რობერტსმა გაიცნო 33 წლის დენის ტეტჩერი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელიც იმ დროისთვის გაშორებული წარმატებული ბიზნესმენი იყო. ახალგაზრდებს ბევრი საერთო აღმოაჩნდათ. ზოგი მათ ქორწინებას იდეალურს უწოდებდა, სხვები ღიად აცხადებდნენ, რომ ის ანგარებიანი იყო. დენისი ხომ მარგოს არ მარტო იურიდიულზე სწავლას აფინანსებდა, არამედ შემდეგ მის პოლიტიკურ კამპანიასაც. უნდა აღინიშნოს, რომ მარგარეტი ავტობიოგრაფიაში თავადაც აღიარებდა, რომ ქმრის მხარდაჭერის გარეშე ის პრემიერ-მინისტრი ვერასოდეს გახდებოდა.
მალე წყვილს ტყუპები შეეძინათ – მარკი და კეროლი. აქაც გამოჩნდნენ ჭორიკანები, რომლებიც მარგარეტის დედობაზე შაყირობდნენ: ქალმა სპეციალურად გააჩინა ერთბაშად ტყუპები, რომ შემდეგ ამ თემას არ დაბრუნებოდა, შეიძლება ამაში სიმართლეც იყოს, რადგან თავიდან ბავშვები რეალურად ამუხრუჭებდნენ მისი პოლიტიკური კარიერის განვითარებას. მიუხედავად ამისა, რკინის ლედი არასდროს გაურბოდა საშინაო ვალდებულებებს – მან ჩელსიში მდებარე სახლის ყოფა მოაწყო და ქმარს ყოველ საღამოს გამზადებული ვახშმით ხვდებოდა. „ქალი, რომელიც მართავს სახლს, გაერკვევა და სახელმწიფოსაც მართავს“, – არაერთხელ განუცხადებია მას.
პირველი ნაბიჯები კარიერულ კიბეზე
ბავშვების გაზრდის და მათი სკოლა-ინტერნატში გაშვების შემდეგ, მარგარეტი კვლავ შეეცადა დიდ პოლიტიკაში შესვლას. 1950-იანი წლების დასაწყისიდან ტეტჩერმა დაჟინებით დაიწყო კონსერვატიული პარტიიდან პარლამენტში მოსახვედრად ბრძოლა. რამდენიმე წლის შემდეგ მიაღწია კიდეც თავისას. მისი გავლენის სფეროში შედიოდა პენსიები და სოცდაზღვევა, მშენებლობა და მიწის მესაკუთრეობა. თემთა პალატაში მან ხმა მისცა სიკვდილით დასჯის შენარჩუნებას და ამავდროულად მხარს უჭერდა ჰომოსექსუალიზმისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას.
განათლების მინისტრი – „რძის ქურდი“
როდესაც 1970 წელს ხელისუფლებაში კონსერვატიული პარტია მოვიდა, მარგარეტი განათლების მინისტრად დანიშნეს. მისი დებიუტი ჩავარდა. მან არაერთი შეცდომა დაუშვა და ყველაზე არაპოპულარული განათლების მინისტრი გახდა ქვეყნის ისტორიაში. პირველ რიგში ტეტჩერმა შეამცირა ბიუჯეტი განათლებაზე, შეეცადა გაეუქმებინა ბიჭებისა და გოგონების ერთობლივი სწავლა. ამასთან, მას არ აუკრძალავს თითქმის პორნოგრაფიული ფილმის ჩვენება „სექსუალური აღზრდის“ საბაბით.
ყველაზე სკანდალური ბრძანება გახდა მესამედით გაეზარდათ სასკოლო საუზმის ღირებულება, ასევე აეკრძალათ მოსწავლეებისთვის ერთი ჭიქა უფასო რძის მიცემა. ამ „რძის“ სკანდალს პრესაში შეარქმევენ – „ტეტჩერი – რძის ქურდი“. საბოლოოდ ქვეყნის მასშტაბისთვის სასაცილო თანხა – 8 მლნ ფუნტი დაიზოგა, მარგარეტი კი შეცდომის მიხვედრით იტყვის: „ამ გამოცდილებით ერთი გაკვეთილი ვისწავლე: მე პოლიტიკური სიძულვილის მაქსიმუმის პროვოცირება მოვახდინე მინიმალური ფინანსური სარგებლის პირობებში“.
ხელისუფლებაში მოსვლა
უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური ოლიმპისკენ მიმავალი ტეტჩერი ეთიკაზე დიდად არ ფიქრობდა. თავიდან არ მოერიდა და ღიად გამოვიდა მისი კეთილის მსურველის, კონსერვატიული პარტიის ლიდერის ედვარდ ჰითის წინააღმდეგ, რომელიც აწინაურებდა კიდეც მას. შემდეგ კი საკუთარი კანდიდატურა დააყენა ამ პოსტზე. 1975 წელს მარგარეტმა ტრიუმფალურად დაიკავა ედვარდ ჰითის სავარძელი. 4 წლის შემდეგ კი ტეტჩერმა სულ რაღაც ერთით მეტი ხმით ააცალა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სასურველი პოსტი ლეიბორისტ კალაგენს და ამით საფუძველი დაუდო 11-წლიან მმართველობას.
ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა არა მარტო ქვეყნის ისტორიაში, არამედ საერთოდ დემოკრატიულ სამყაროში – ქალმა პირველად დაიკავა ასეთი მაღალი თანამდებობა.
რკინის ლედის მმართველობის პლუსები და მინუსები
მარგარეტ ტეტჩერმა 11-წლიანი მმართველობისას ლონდონი ნამდვილ ფინანსურ დედაქალაქად აქცია და დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო არენაზე დააბრუნა, რისიც თავიდან ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა.
ტეტჩერის პოლიტიკა პირველივე დღეებიდან თამამი და წინააღმდეგობრივი იყო. ამიტომ ნაწილი რკინის ლედის აქებდა ინგლისი ეკონომიკური ჩავარდნისგან რომ იხსნა, სხვები კი ადანაშაულებდნენ მილიონობით მუშახელის ცხოვრების დანგრევაში, რადგან პრემიერის გადაწყვეტილებები მკაცრი და უსამართლო იყო საზოგადოების ღარიბი ფენებისთვის.
მისი მმართველობისას ინფლაცია შემცირდა. ტეტჩერი ბიზნესის დაცვისკენ გამოდიოდა და გადასახადები 40%-ით დასწია, განაცხადა, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩარეულიყო ბიზნესის საქმეებში და შემოიტანა სიტყვა „პროვატიზაცია“. გაიყიდა აეროხაზები, აეროპორტები, სატელეფონო და ნავთობკომპანიები. „ეს შეუძლებელია“ – ამბობდნენ მისი მოწინააღმდეგეები. „შესაძლებელია“ – პასუხობდა ის და მორიგ დადგენილებას აწერდა ხელს.
მარგარეტ ტეტჩერი – მთავარსარდალი და სტრატეგი
პირველი ვადის ბოლოს, როდესაც მარგარეტს არჩევნებში გამარჯვების არანაირი იმედი აღარ ჰქონდა, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა: არგენტინა ფოლკლენდის კუნძულებზე შეიჭრა, რომელიც ბრიტანეთს ეკუთვნოდა. ეს იყო საოცარი შესაძლებლობა ეჩვენებინა ბრიტანელებისთვის, რომ მზად იყო „მეორე ჩერჩილი“ გამხდარიყო. 1982 წლის აპრილში 20-ათასიანი არმია გაგზავნა სამხრეთ ამერიკის სანაპიროებთან. ასობით ბრიტანელი ჯარისკაცის დაღუპვის მიუხედავად, კუნძულების სტატუს-ქვო აღდგა. ტეტჩერი კი გახდა ნამდვილი ეროვნული გმირი, რომელმაც ბრიტანელებს ქვეყნის გამო სიამაყის გრძნობა დაუბრუნა და მათში ამბიციები გააღვიძა. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მეორე ვადითაც რკინის ლედი აირჩიეს.
ტეტჩერის სტრატეგიულ დამსახურებად მიაჩნიათ აშშ-ს პრეზიდენტ რეიგანთან ერთად საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ წარმატებული ალიანსის შექმნა. სწორედ ამან შეუწყო ხელი „ცივი ომის“ დასრულებას.
მეშახტეების რისხვა
1984-85 წლებში ტეტჩერმა ახალი ომი გააღვივა – მეშახტეების პროფკავშირებთან, რომლებსაც ტრადიციულად დიდი წონა ჰქონდათ. ეს კონფლიქტი კლასობრივი დაპირისპირების უმაღლესი წერტილი გახდა. როდესაც რამდენიმე შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს, ბრიტანელი მეშახტეები საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ. ტეტჩერმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ცივილური დასავლეთი შოკში ჩააგდო. პოლიციის უზარმაზარი რაზმები ფიზიკურ ძალასა და იარაღს იყენებდნენ მანიფესტანტების დასაშლელად. მუშებს სცემდნენ და ციხეში ამწყვდევდნენ, სადაც პატიმრები პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებდნენ და იღუპებოდნენ, სამართლიანობის მიღწევის გარეშე. მეშახტეებთან ომი დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა, რკინის ლედის არ დაუთმია და მოიგო კიდეც. თუმცა საბოლოოდ დაკარგა მუშათა კლასის მხარდაჭერა.
დაუმარცხებელი მარგო
ის – დაუმარცხებელია, ეს ფაქტია. ტეტჩერმა ზედიზედ სამჯერ მოიგო არჩევნები. ფაქტობრივად არ წაუგია მაშინაც, როდესაც 1990 წელს წასვლა გადაწყვიტა. პარტიის შიგნით განხეთქილება მოხდა, კონსერვატორები ორად გაიყვნენ. მართალია უმრავლესობამ ტეტჩერს დაუჭირა მხარი პირველ ტურში, მაგრამ არ გარისკა და გადადგა, რადგან შემდგომ ბრძოლას დამამცირებლად მიიჩნევდა. ეს ნაბიჯი ძალიან რთული იყო – გულის სიღრმეში ვერ იჯერებდა, რომ საყვარელი საქმის გარეშე დარჩა.
რკინის ლედის ეპოქის დასასრული
გადადგომის შემდეგ ტეტჩერი ორი წლის განმავლობაში თემთა პალატის წევრი იყო. 1992 წელს, 66 წლის ასაკში დატოვა ბრიტანეთის პარლამენტი. როგორც თავად ამბობდა, ეს საშუალებას აძლევდა უფრო ღიად გამოეთქვა საკუთარი მოსაზრება სხვადასხვა საკითხებზე. ის რეგულარულად გამოდიოდა ამა თუ იმ პოლიტიკური ლიდერის კრიტიკით. ბოლო წლებში არც თუ დადებითად მოიხსენიებდა ევროკავშირს (ასევე ნატოს) და მოუწოდებდა დიდ ბრიტანეთს დაეტოვებინა ეს თანაკავშირი (რაც მოხდა კიდეეც 2016 წელს).
ტეტჩერმა მემუარების წერასაც მოჰკიდა ხელი. გამოვიდა ორი ტომი: „დაუნინგ სთრითი“ (1993) და „გზა ხელისუფლებისკენ“ (1995). ეს გარკვეულწილად ანგარიშია იმ წლების, რომელიც პოლიტიკას მიუძღვნა.
2012 წელს მარგარეტმა სიმსივნის ოპერაცია გადაიტანა. მისი მდგომარეობა უარესდებოდა და ბოლო ინსულტი ფატალური გამოდგა. მარგარეტ ტეტჩერი 2013 წლის 8 აპრილს წავიდა. ტეტჩერის დაკრძალვა უინსტონ ჩერჩილის გარდაცვალების შემდეგ პრემიერ მინისტრთან დამშვიდობების პირველი შემთხვევა გახდა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის დედოფალი დაესწრო.