LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო დუმბაძის შეცვლილი ვარცხნილობა, ფერადი იმიჯი და ხანგრძლივი მოგზაურობა იტალიაში: „თბილისისნაირი ევროპა არ არსებობს…“

288
ნატო დუმბაძე

პროდიუსერი ნატო დუმბაძე მცირე ხნის წინ დაბრუნდა იტალიიდან, სადაც დაახლოებით თვენახევარი გაატარა. fortuna.ge-სთან ის იხსენებს ხანგრძლივ ვოიაჟს და რაც მთავარია, გვპასუხობს კითხვაზე, როგორ უვლის თავს, რომ ასე არაჩვეულებრივად გამოიყურება.

ნატო, საოცრად კარგ ფორმაში ხარ… როგორ უვლი თავს?

ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, როგორ მეშინია ნემსის. ბე ვიტამინი დამჭირდა და იმის გაკეთებისაც კი მეშინოდა, ფსიქოლოგიურად ვემზადები ხოლმე, ამიტომ კოსმეტოლოგიურ პროცედურებსაც ვერ ვიტარებ. ცხოვრებაში კრემი არასდროს გამომიყენებია. სახეზე არაფერს ვისვამ. დილის აბაზანას ვიღებ, სახეს კარგად ჩამოვიბან, კრემს ნამდვილად არ ვიყენებ. საკუთარი თავით ყოველთვის უკმაყოფილო ვარ, მაგრამ რადგან ყველა მეუბნება, რა კარგად გამოიყურებიო, რაც ასაკში შევდივარ, დამაინტერესა, რა არის ამის მიზეზი. მიყვარს წყალი. დღეში ორი ლიტრი ჩვეულებრივად შემიძლია დავლიო და ზემოდან კიდევ დავამატო. ძირითადად, დავდივარ ფეხით, საქმეზეც. შვიდი კილომეტრიც მივლია ფეხით. ამას ვაბრალებ მხოლოდ.

გენეტიკაც კარგი გაქვს, მგონი…

დედის გენები მაქვს. ბოლოს, როცა ექიმთან მყავდა და მის პირადობაში ჩაიხედა, ექიმმა სათვალე მოიხსნა და დედაჩემს ჰკითხა, ნუთუ, ეს თქვენ ხართო… ბოლოს გახდა ძალიან და ცოტა შეეტყო ნაოჭი, ისე კი სახე, კანი გაპრიალებული ჰქონდა. არც დედაჩემს წაუსვამს როდისმე კრემი. ჩემს დას უყვარს თავის მოვლა და ყველაფრის კრემის წასმა. მოვლა არ მიყვარს-მეთქი, ვერ ვიტყვი, ვერც ფობიას დავაბრალებ, უბრალოდ, არ მომწონს. ალბათ, საპენსიო ასაკისთვის შემოვიტოვებ ამას…

მგონი, მაშინაც არ დაგჭირდება. ფეხით სიარული ერთადერთია, რასაც ფორმის შესანარჩუნებლად აკეთებ? შენს რაციონში არის ჯანსაღი საკვები?

ჯანსაღი კვება არ მჭირდება, რადგან წელიწადში ოთხჯერ მარხვაზე ვარ. ყველაფერი ბალახეული თავისთავად ჯანსაღია. ბოლო პერიოდში ორი-სამი კილოგრამი მქონდა მომატებული და ისიც თავისით დავიკელი. ესეც კი ზედმეტი იყო ჩემთვის და სხვათა შორის, ფეხებზე დამაწვა, მტკიოდა. ცოტას განვიცდიდი კიდევაც, მაგრამ დიეტით არ დამიკლია. დღეში ერთხელ ვჭამ. სადღაც საღამოს ხუთზე შევჭამ პირველად.

ახალი ვარცხნილობა ძალიან გიხდება…

დილიდან ვიყავი სტილისტთან, მინდოდა, თმა შემეჭრა და ასეთი ვარცხნილობა გამოვიდა.

შენ ყოველთვის განსაკუთრებული ჩაცმულობის სტილი გაქვს, მაგრამ უფრო მეტი ფერადი სამოსი გაჩნდა შენს გარდერობში…

ახლა, მართალი გითხრა, შავი მაცვია და სულ შავს ვატარებდი, მაგრამ მერე ტაძარში სასულიერო პირმა მითხრა, უფალთან სახლში ჩაშავებულები რატომ მოდიხართ, უფრო ნათელი ფერები მოირგეთო. ამ დღის შემდეგ უფრო მეტად გავფერადდი. სხვათა შორის, მხოლოდ მე არა, მთელი თბილისი უფრო მეტად გაფერადდა. ვცდილობ, ტაძარშიც ფერადი სამოსით ვიარო და ზოგადადაც, მეტი ფერი შევიტანო ჩემს გარდერობში.

თვენახევარი იტალიაში გაატარე. როგორი იყო ეს მოგზაურობა?

კოვიდპასპორტი არ მაქვს, ამიტომ მოვასწარი, კიდევ რომ მობრუნდეს (იცინის). მთელი იტალია მოვიარე, პატარ-პატარა ქალაქები. იქ წმინდა ნიკოლოზის საფლავზე ჩავდივარ ხოლმე. ჩამოვიდნენ ჩემი მეგობრები, ირმა ჭკადუა, მამა იოანე. დიდი მადლობა მამა მოსეს მასპინძლობისთვის. დამემთხვა 25 გრადუსი. რომ გამოვემგზავრე, ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, წახვედი და მზეც თან წაიღეო. მოკლედ, ორწელიწადნახევარი რაც არ მიმოგზაურია, იტალიაში მოგზაურობით დავკმაყოფილდი. მაისში ვაპირებ ნიკოლოზობას გამგზავრებას, ისევ იტალიაში, წმინდა ნიკოლოზის საფლავზე.

შენი საყვარელი ქვეყანა ყოფილა იტალია…

ძალიან, ოღონდ მათმა ჭამამ და ძილმა გადამიყვანა ჭკუიდან. პირველიდან ხუთამდე სამარისებურმა სიჩუმემ. საღამოს ცხრა საათზეც ისევ სიჩუმე ისადგურებს.

თბილისი ძალიან მოგნატრებია…

თბილისისნაირი ევროპა არ არსებობს. თბილისში ყველაფერს გააკეთებ, მიხვალ-მოხვალ, ევროპაში ბიუროკრატიაა, დამღლელია ჩარაზული ცხოვრება, იტალიაშ ყველას აქვს დარაბები და მზეს არ უშვებენ, მზე ძალიან მიყვარს და ყველაფერი ღია მქონდა. საქართველოს არაფერი ჯობია. ასეთი ვართ თუ ისეთი, ზოგი გაბოროტდა, ზოგი – არა, მაგრამ საქართველოში მაინც ყველაზე კარგია ცხოვრება…

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g