LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი რეჟისორის უმძიმესი წელიწადი: „სიკვდილს გადავურჩი… მხედველობა წამერთვა და თვალების ოპერაცია ლელა წურწუმიამ და ნოდიკო ტატიშვილმა დამიფინანსეს…“

8350
ნესტან სინჯიკაშვილი

ცნობილ რეჟისორს, კლიპმეიკერს, რომელსაც არაერთი ქართველი ვარსკვლავის ვიდეო აქვს გადაღებული, წინა წლის იანვარში კოვიდი დაუდასტურდა. ნესტან სინჯიკაშვილს დიაბეტი აქვს და შეძლებისდაგვარად, ერიდებოდა ვირუსს, ყველანაირად იცავდა თავს, მაგრამ ბოლოს მას და დედამისს კორონა ოჯახის წევრისგან გადაედოთ. 

მალე ნესტანი მიხვდა, რომ სუნთქვა უჭირდა და ის ლევან რატიანის განყოფილებაში დააწვინეს. რეჟისორის მდგომარეობა უარესდებოდა – „ჩამესმოდა ხმები, როგორ უნდოდათ ჩემი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა… და მე ხელით ვანიშნებდი, არ მინდა, მე თვითონ ვიბრძოლებ-მეთქი… ყოველდღე, რეანიმაციაში ვხედავდი, როგორ აფარებდნენ ზეწრებს ადამიანებს და გაჰყავდათ გარდაცვლილები, ახალგაზრდებიც, მათ შორის… ჩემმა ახლობლებმა ბევრჯერ გამომიტირეს…“

ნესტანი გადარჩა… როგორც თვითონ ამბობს, შესანიშნავი ექიმების, მეგობრების და ახლობელი თუ არცთუ ახლო ადამიანების გულშემატკივრობითა და წყალობით. 

ახლა რეაბილიტაციის რთულ პროცესს გადის. თავიდან ისწავლა სიარული… კორონავირუსით გამოწვეული მხედველობის სრული დაქვეითება თვალების ოპერაციამ გამოასწორა, რომელიც მეგობრებმა – ლელა წურწუმიამ და მამულიჩამ, ნოდიკო ტატიშვილმა და ნინო ფირცხალავამ დაუფინანსეს. „ახლა ვხუმრობ, ერთი თვალი იყიდეს მამულიჩამ და ლელამ, მეორე თვალი ნოდიკომ და ნინომ… არ მინდოდა, მაგრამ ძალით გადაიხადეს… რანაირი მეგობრები მყავს…“

ნესტან სინჯიკაშვილი: 

კორონავირუსი რომ დამემართა, მეხუთე დღეს ისე დავმძიმდი, რომ რეანიმაციაში გადამიყვანეს. მახსოვს მხოლოდ შავი გვირაბი, სადაც დიდი ხანი ვიყავი. ვერ ვხვდებოდი, რა დრო გადიოდა. ყოველი წამი იყო ბრძოლა ჩასუნთქვისთვის. სიპაპზეც ვერ ვსუნთქავდი. მოიხსნი, მოკვდები, არ მოიხსნი, მაინც გიჭირს სუნთქვა… დღემდე არ ვიცი, რამდენი ხანი ვიყავი ასე… ყოველ წამს ვფიქრობდი, ერთი დღე გავა და ცოტა უკეთესად ვიქნები-მეთქი. ამავე დროს, მესმოდა ყველაფერი, რა ხდებოდა, რომ ექიმები მსჯელობდნენ, გადავიყვანოთ ხელოვნურ სუნთქვაზეო… იცი, როგორ ვიბრძოდი?! წარმოუდგენელია, როცა ახლა მახსენდება. სულ ვფიქრობდი, არ უნდა მოვკვდე, უნდა გადავრჩე, რა მოუვა დედაჩემს, რომ გაიგოს, მოვკვდი-მეთქი.

დაახლოებით ორი კვირა ამ მდგომარეობაში ასეთი ფიქრები მიტრიალებდა – არ მოკვდე, ისუნთქე. შეიძლება, ნახევრად „იქითაც“ ვიყავი. მესმოდა ვიღაც ქალის ხმა, – „ნესტან, არ დაიძინო…“ არ მიძინია საერთოდ. ნახევრად მკვდარი ვიყავი… დედაჩემს უმალავდნენ ჩემს ამბავს. ჩემს ოჯახის სხვა წევრებსა და მეგობრებს ეუბნებოდნენ, არ ვიცით, რა იქნებაო. ერთ ღამეს ისე დავმძიმდი, რომ ჩემს ძმას უთხრეს, ილოცეთ, რომ ეს ღამე გადაიტანოსო… ყველამ, ვინც იცოდა ჩემი ამბავი, გამომიტირა. ყველა ზარის დროს ელოდებოდნენ, რომ ვიღაც ეტყოდა, ნესტანი გარდაიცვალაო.

ნესტან, როდის გაუმჯობესდა შენი მდგომარეობა?

როდესაც ლევან რატიანმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და გამიკეთა წამალი, რომლის სახელწოდებაც, სამწუხაროდ, არ მახსოვს. ჩემს ძმას უთხრა, რომ ამ წამალს ყველა ვერ იღებს და 50% ან გადარჩება, ან ვერაო. სავარაუდოდ, ამ წამალმა ითამაშა დიდი როლი და რა თქმა უნდა, ჩემმა ბრძოლამ!.. მიკვირს, როგორ შემომრჩა ჯანსაღი აზროვნება… ძალიან დიდი ხანი დამჭირდა რეაბილიტაციისთვის. ლევან რატიანმა და მისმა გუნდმა სიცოცხლე მაჩუქეს. ექიმებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, თუმცა ვერ გეტყვი, რომ მხოლოდ მე მივლიდნენ ასე. რატიანი ისე მიყვარს, მამაჩემი მგონია!.. ნანა სარალიძე იყო ჩემი ექიმი. არც ვიცი, რა აკეთეს და როგორ მივლიდნენ… მადლობის ნიშნად ამ გუნდის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება მინდა… იმის აღწერა შეუძლებელია, რაც ლევანის კლინიკაში ხდება… ასეთი ძლიერი გუნდი როგორ შეიკრიბა, არც ვიცი… ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე იქ… ექვსი თვე ვიწექი – სამი თვე რეანიმაციაში, სამი – პალატაში. ვერ დავდიოდი, ყოველდღე მავარჯიშებდნენ, უსაყვარლესმა ხათუნამ დამაყენა ფეხზე. ხელებს ვერ ვამოძრავებდი, ვერ ვდგებოდი, ვერ ვჯდებოდი…

ახლა როგორ ხარ?

კორონავირუსმა დამაკარგვინა მხედველობა… 2% მქონდა დარჩენილი. რამდენიმე დღის წინ გამიკეთეს ოპერაცია. მთელი წელი არ შეიძლებოდა ამ ოპერაციის გაკეთება. ჟანგბადის აპარატი სახლშიც მქონდა, გია გუმბერიძემ მომიტანა და რვა თვე ამით ვსუნთქავდი. ამდენი ხანი ვიყავი ბრმა… ყოველდღე ვიჯექი და ვფიქრობდი, რისთვის გადავრჩი-მეთქი. ვერც ვმუშაობდი… დედაჩემი მივლიდა, საძინებელში მოჰქონდა საჭმელი. ეს იყო ჯოჯოხეთი. ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ამდენი საქმე მქონდა, ორი სამსახური, შეკვეთები, ვერაფერს ვასწრებდი, ღამითაც არ ვიძინებდი, უცებ წარმოიდგინე, ხელებს რომ ძლივს ამოძრავებ და საძინებლის იქით ვერ გადიხარ. თვალის ოპერაციის შემდეგ, ხუთი დღეა, ჯოხის გარეშე დავდივარ. დამრჩა კიბეებზე ჩასვლისა და ამოსვლის დაძლევა. ვერ ჩავდივარ, სამჯერ დავეცი… მუხლები მეკეცება.

ახლა სახლიდან ვერ გადიხარ?

ჯერჯერობით, ვერა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ორივე სამსახურს, „პირველ არხს“ და რუსთაველის თეატრს. რა თქმა უნდა, შეეძლოთ, სხვა თანამშრომელი აეყვანათ, მაგრამ სამსახური შემინარჩუნეს, რისთვისაც მუდამ მადლობელი ვიქნები!.. ბოლო სამი თვე სახლში ვმუშაობდი. ადამიანები ხომ ყველაფერს ეჩვევიან. გამოვცადე, როგორ ცხოვრობენ სიბრმავეში. ბრმამ გადავიღე და დავამონტაჟე ნოდიკო ტატიშვილის საახალწლო კლიპი. ჯოხით ვიყავი გადაღებაზე და მხოლოდ ძალიან ახლოს მოტანილ ეკრანზე ვხედავდი კადრებს. მონტაჟისას კი ნოდიკო მეხმარებოდა კადრების შერჩევაში. მონიტორი სახეზე მქონდა მიდებული, რომ რამე დამენახა… „პირველი არხის“ საქმესაც ბოლო სამი თვე ასე ვაკეთებდი.

შენი მეგობრები ძალიან დაგიდგნენ გვერდში…

ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო – ექიმების გუნდს, ჩემს მეგობრებს, თანამშრომლებს თუ სამსახურებს. ყველაზე დიდი მადლობა კი ნოდიკო ტატიშვილს ეკუთვნის. მგონია, რომ მამაჩემია. საავადმყოფოში რასაც აკეთებდა, ეს ცალკე მოსაყოლია. ნოდიკოც და ჩემი სხვა მეგობრებიც ყოველდღე ურეკავდნენ რატიანს, რუსამ დაურეკა და უთხრა, ნესტანი რომ მოკვდეს, ჩვენც მოვკვდებითო… რაც გამოვედი საავადმყოფოდან, ყველანაირი სამედიცინო საქმიანობა ნოდიკომ აიღო თავის თავზე. თავისი ხარჯით მოჰყავდა ლაბორატორიები, სახლში მიღებდნენ ანალიზებს, მიკეთებდნენ რენტგენს, მერე ანალიზები მიჰქონდა ექიმთან და დანიშნულება უკან მოჰქონდა. ჩემი ძმა კინაღამ მოკვდა ჩემი ამბის გამო და რა თქმა უნდა, მისი და ოჯახის წევრების დიდი ზრუნვა გასაგებია, მაგრამ ყველა ადამიანი უბედურია, ვისაც ნოდიკო არ ჰყავს მეგობრად. თვალების ოპერაცია მან, ლელა წურწუმიამ, მამულიჩამ და ნინო ფირცხალავამ დამიფინანსეს. ექიმებთან დავყავარ ნოდიკოს, თავის თავზე აიღო, რომ მე უნდა მომიაროს. ლისის ტბაზე მივყავდი, მატარებდა ხელით. ეს ადამიანი ჩემთვის წმინდანია. ხუმრობით ვამბობ, უნივერსიტეტში მეგობრობის გაკვეთილები უნდა ჩაატაროს. ასეთი მეგობრობა არავის შეუძლია, არც მე…

რა დაგანახვა ამ წელიწადმა ყველაზე მნიშვნელოვანი?

ამ ჯოჯოხეთმა ძალიან ბევრი რამ დამანახვა. სიკვდილს რომ ჩახედავ თვალებში, მერე ხვდები, რომ არაფერზე ღირს ნერვიულობა. ერთი წამი და აღარ ხარ… ან რას წავიღებდი თან?!. გაგიჟებული ვარ რაზე, იცით? ისეთ ადამიანებს ჰქონდათ გაკეთებული ჯგუფები და კითხულობდნენ ჩემს ამბავს, წელიწადში ერთხელ რომ ვხვდები წვეულებებზე. ადამიანების სიყვარულმა არ გამიშვა „იქით“. ვგრძნობდი ამ სიყვარულს, ნერვიულობას, თითქოს მექაჩებოდა, არ მოკვდეო… ისეთი ხალხი ტიროდა და განიცდიდა თურმე, შოკირებული ვარ. მადლობელი ვარ ამხელა სიყვარულისთვის და არ ვიცი, რით დავიმსახურე ეს… საერთოდ რომ არ ველოდებოდი, ისეთმა ადამიანებმა დამანახვეს საოცარი სახე, არც ველოდებოდი ასეთ მხარდაჭერასა და სიყვარულს მათგან. მოსაყოლად რთულია, რა ვიგრძენი მე. ისეთი ხალხი მირეკავდა და მწერდა, რამე ხომ არ გინდაო, საერთოდ არ ველოდებოდი. მეორე მხრივ, რამდენიმე ადამიანს, მეგობარი რომ მეგონა, საერთოდ არ მოვუკითხივარ…

ასეთი პერიოდები ყოველთვის არის გამოცდებისთვისაც… 

ნამდვილად ასეა. რაც ოპერაცია გავიკეთე, ეს რამდენიმე დღეა ვგრძნობ, რომ ვცხოვრობ…

ბოლომდე გამოჯანმრთელებას გისურვებთ!.. 

ინტერვიუ: ნინო მურღულია

mazda magti 5g