LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ჯუხარაშვილი: „შემოქმედებითი ცხოვრების პირადთან შეთავსება ცოტა რთულია, მაგრამ თუ გინდა, მოახერხებ… იყო სირთულეები, მაგრამ მეუღლესთან ერთად გადავლახე…“

592
ლაშა-ჯუხარაშვილი

რუსთაველის თეატრის მსახიობმა, ლაშა ჯუხარაშვილმა პანდემიის დროს მეუღლესთან ერთად სახელოსნო ჩამოაყალიბა და ახლაც აქტიურად არის ჩართული მის საქმიანობაში, შესაბამისად, დრო არ ჰყოფნის და ხშირად უძილოც არის…

ლაშა, რატომ ათენებ ღამეებს?

„დირე“ – სახელოსნო, რომელიც ჩამოვაყალიბეთ – იქ ვათენებ ღამეებს. ფული დავხარჯეთ, ტექნიკა ვიყიდეთ. ეს არის დიზაინ-სტუდიო, რომელიც რამდენიმე მასალაზე მუშაობს: კერამიკა, ბეტონი, ხე. ითვალისწინებს კონცეპტუალური დიზაინის შექმნას ინტერიერისა და ექსტერიერისთვის. რაღაცები ჩვენთან კეთდება, თუმცა ვთანამშრომლობ სხვა სახელოსნოებთანაც.

რატომ გადაწყვიტე საკუთარი სახელოსნოს გახსნა?

პანდემიამ გადამაწყვეტინა. საკუთარ თავთან რომ დარჩები მარტო, აღმოაჩენ, რომ რაღაცები შეგიძლია,- ბავშვობიდან ვხატავდი და სულ მაინტერესებდა დიზაინი. პანდემიის დროს ბევრმა ადამიანმა დაიწყო დამატებითი საქმე. მივხვდი, რომ ნივთებითაც შემიძლია პუბლიკასთან ურთიერთობა. ძალიან დიდი დრო წაიღო საქმის სწავლამ, რადგან ნოლიდან მომიწია ყველაფრის ათვისებამ. კერამიკა ამოუწურავია და ყველაზე მეტად ამან დამაინტერესა.

ეს ორი წელი მე და ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც მერე შემოგვემატნენ, უფანჯრო ოთახში გავატარეთ. ბოლო ორი წელია, უძილო ვარ. ძალიან დიდი ენერგია წაიღო, რაღაცები არ გამოდიოდა, ფინანსებს ვხარჯავდი და შედეგს ვერ ვიღებდი, მაგრამ ახლა, როცა ყველას მოსწონს ჩემი ხელსაქმე, ეს გამოწვევა მივიღე და გადავლახე.

არ გიჭირს შენი საქმიანობის შეთავსება თეატრთან, გადაღებებსა და რაც მთავარია, ოჯახთან? მეუღლე და ორი შვილი გყავს. 

აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დროა, რომელიც სინამდვილეში ბევრი მქონია. ძილი ნაკლებად მიყვარს. ჩემს მეუღლესთან ერთად ვსაქმიანობ სახელოსნოში, ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, არამედ საოჯახო საქმეა. თეატრსა და გადაღებებზე წყვეტა არ იყო პანდემიის დროს. ყველაფერს მოვაბი თავი, რამდენად ხარისხიანად, ეს სხვამ გადაწყვიტოს. თეატრშიც ვარ აქტიურად, შვიდსაათიანი რეპეტიცია მქონდა იმ დღეს. დიდი არაფერი უნდა იმას თურმე, რომ ყველაფერს მოაბა თავი, მათ შორის, ოჯახზე ზრუნვასაც. ამ წამს მოვედი სახლში, ვივახშმე, უნდა გადავიდე სახელოსნოში და გვიანობამდე, სანამ გავქაჩავ, ვიმუშავებ.

რაც შეეხება ბავშვებთან ურთიერთობას, საქმე და ოჯახური ცხოვრება ერთმანეთს ხელს არ უშლის. რა თქმა უნდა, შვილებთან ერთად დროის გატარება უფრო მეტად მინდა, მაგრამ სახელოსნოშიც არიან ჩემთან ერთად, რეპეტიციებზეც მიმყავს ხანდახან, სპექტაკლებზეც, აგარაკზე დავდივართ ერთად. როცა მამობა გადავწყვიტე, გარკვეულწილად მზად ვიყავი ამისთვის. გოგონა ბაღში დადის, ვაჟი სკოლაში. გვეხმარებიან ოჯახის წევრები. ძიძა არ გვყავს. რაღაც პერიოდი გვყავდა, მერე აღარ დაგვჭირვებია. ბებოები გვეხმარებიან აქტიურად. ოჯახი გარკვეულ თავის გადადებასთან ასოცირდება. დროის მენეჯმენტს უნდა დალაგება. შემოქმედებითი ცხოვრების პირადთან შეთავსება ცოტა რთულია, მაგრამ თუ გინდა, უნდა დაგეგმო და მოახერხო. პრობლემებიც იყო, ეს ყველა ოჯახშია, სირთულეები და სიდუხჭირეები გადავლახეთ, მაგრამ ერთად ყველაფერს ვახერხებთ. შვილები გვეხმარებიან, მათ ვუსმენ და იმას ვაწვდი, რაც მათ სჭირდებათ.

„პირველი არხის“ სერიალში მონაწილეობა, ალბათ, პანდემიის პაუზის მერე სასიამოვნო მომენტი იყო…

დაუგეგმავად მოხდა. „პირველი არხის“ შემოთავაზების შემდეგ, როცა შეხვედრაზე მივედი, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ამ ფროდაქშენთან მუშაობა. როლის გარდა, ესეც საინტერესოა ჩემთვის. თუ არ ჩავთვლით გადაცემებს, სატელევიზიო სივრცეში არ ვყოფილვარ დიდი ხნის განმავლობაში. თითქმის ნახევარი რუსთაველის თეატრი თამაშობდა იქ. პანდემიის შემდეგ, გაგვიხალისდა ცხოვრება. მეგობრებთან ერთად საქმის კეთებას არაფერი ჯობია. რა და როგორ გამოვიდა, ეს მაყურებლის შესაფასებელია.

ჯერჯერობით პოსტფროდაქშენზეა რამდენიმე ფილმიც ჩემი მონაწილეობით. სავარაუდოდ, მალე იხილავს მაყურებელი. ვითამაშე ნანა ჯანელიძისა და თინათინ ყაჯრიშვილის ფილმებში.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g