პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
სხდომაზე დაპირისპირება „ხალხის ძალის“ წევრ ვიქტორ ჯაფარიძესა და დამოუკიდებელ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს შორის დაიწყო.
მათ ერთმანეთს უცენზურო სიტყვებითაც მიმართეს.
ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ნაკაიძის მიმართულებით ისროლა.
ტარიელ ნაკაიძეს „ხალხის ძალის“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის გარდა, სხდომათა დარბაზში დამონტაჟებული მიკროფონი უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ლევან მგალობლიშვილმაც ესროლა.
სიტუაციის განმუხტვას სხდომათა დარბაზში მანდატურები ცდილობდნენ.
არსებული ინფორმაციით, „ხალხის ძალის“ დეპუტატები მის მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ოპოზიციონერ კოლეგებს ჯაშუშებს ეძახდნენ და ვითარების გამწვავებაც ამან გამოიწვია.