საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების გზაზე.
ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს:
„გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისში გუშინ საღამოს ჩამოფრინდა.
დღეს მინისტრს დატვირთული პროგრამის ფარგლებში ელის შეხვედრები მთავრობის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
გარდა ამისა, მინისტრი საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ სტუდენტებთან ისაუბრებს.
ქალბატონი ბერბოკის მთავარი გზავნილია: გერმანია დიდი ძალისხმევით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ევროკავშირთან და ნატ-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას!“ – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.