„დღეს ცივილიზაცია კვლავ იმყოფება გადამწყვეტი გარდატეხის ზღვარზე. ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ კვლავ გაჩაღებულია ნამდვილი ომი, თუმცა, ჩვენ გავეცით პასუხი საერთაშორისო ტერორიზმს, დავიცავით დონბასის მოსახლეობასაც, უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 9 მაისთან დაკავშირებულ აღლუმზე განაცხადა.
პუტინის თქმით, „რუსეთისთვის არ არსებობს არამეგობრული, მტრული ერები არც დასავლეთით და არც აღმოსავლეთით“.
„ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ ნამდვილი ომი კიდევ ერთხელ გაჩაღდა, მაგრამ ჩვენ მოვიგერიეთ საერთაშორისო ტერორიზმი, დავიცავთ დონბასის მცხოვრებლებსაც, უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას”, – აღნიშნა პუტინმა აღლუმზე.
მისი თქმით, ქვეყანა ამაყობს იმ ადამიანებით, ვინც ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობს.
„ახლა თქვენს სამხედრო საქმეზე მნიშვნელოვანი არაფერია. ქვეყნის უსაფრთხოება ახლა თქვენზეა დამოკიდებული. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ხალხის მომავალი. თქვენ ღირსეულად ასრულებთ თქვენს სამხედრო მოვალეობას, იბრძვით რუსეთისთვის“, – განაცხადა პუტინმა.
ვლადიმირ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას დასავლეთი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და დაადანაშაულა, რომ ისინი „ანადგურებენ ტრადიციულ ღირებულებებს, რათა განაგრძონ თავიანთი წესების კარნახი“.
„დასავლეთის ქვეყნები პროვოცირებენ კონფლიქტებს და გადატრიალებებს, ანადგურებენ ტრადიციულ ღირებულებებს, რათა განაგრძონ თავიანთი წესების კარნახი, ფაქტობრივად – ძარცვისა და ძალადობის სისტემა“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მათ სურთ „მშვიდობიანი, თავისუფალი და სტაბილური მომავალი“.
„მიგვაჩნია, რომ აღმატებულობის ნებისმიერი იდეოლოგია თავისი ბუნებით საზიზღარია, დანაშაულებრივი და მომაკვდინებელია. თუმცა, დასავლური გლობალისტური ელიტები კვლავ აცხადებენ თავიანთი განსაკუთრებულობის შესახებ, აპირისპირებენ ხალხს და ხლეჩენ საზოგადოებას, ახდენენ სისხლიანი კონფლიქტებისა და გადატრიალებების პროვოცირებებს, აღვივებენ სიძულვილს, რუსოფობიას და აგრესიულ ნაციონალიზმს, ანადგურებენ ოჯახურ, ტრადიციულ ღირებულებებსაც, რომლებიც ადამიანს ადამიანად აყალიბებენ, და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მომავალშიც მოახვიონ თავს ერებს თავიანთი ნება, თავიანთი უფლებები, წესები, არსებითად კი ძარცვის, ძალადობისა და ჩახშობის სისტემა.
როგორც ჩანს, მათ დაავიწყდათ, სადამდე მიიყვანა მსოფლიო ბატონობაზე ნაცისტების პრეტენზიებმა, დაავიწყდათ, ვინ დაანგრია ეს საშინელი, ტოტალური ბოროტება, ვინ დადგა კედლად მშობლიური მიწისთვის და არ დაინანა თავისი სიცოცხლე ევროპის ერების გათავისუფლებისთვის“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.
კრემლის ცნობით, ვლადიმირ პუტინთან ერთად წითელ მოედანზე იმყოფებიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის პრეზიდენტები.