უნდა გამოვიყენოთ თუ არა „ბრილიანტის მწვანე“ ჩუტყვავილას ინფექციის დროს ბავშვებში და შეიძლება თუ არა ბავშვის დაბანა – ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის“ სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა მაია ჩხაიძემ ისაუბრა.
ზოგადად, ჩუტყვავილა ბავშვთა ინფექციების ჯგუფს მიეკუთვნება. ბოლო დროს, ნამდვილად გახშირდა შემთხვევების რაოდენობა. ზოგადად ბავშვთა ინფექციები ბავშვთა ასაკში ემართებათ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დიდ ასაკშიც შეხვდეს ადამიანს, თუ მას ბავშვობაში არ აქვს მოხდილი და არ აქვს მყარი იმუნიტეტი. ჩუტყვავილა არ არის გამონაკლისი და სხვა ბავშვთა ინფექციებიდან რაიმე განსაკუთრებული გართულებით არ გამოირჩევა. გართულება თითქმის ყველა ინფექციას ახასიათებს, მათ შორის, წითურას, ყბაყურას, ძალიან სერიოზული გართულებები ახასიათებს წითელას. ჩუტყვავილა ვარიცელა ზოსტერის, ანუ ჰერპესების ჯგუფის ვირუსია. ფაქტობრივად ჰერპესის ჯგუფია და რასაც ჰქვია ჰერპესული ენცეფალიტები ის საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ჰერპესული ენცეფალიტები არა მხოლოდ ჩუტყვავილას პერიოდში, არამედ ისედაც შეიძლება დაემართოს ბავშვსაც და მოზარდსაც. ჰერპესული ენცეფალიტების დროს ძალიან მნიშვნელოვანია დიაგნოზის დროულად დასმა და მკურნალობის დროულად დაწყება. ჩუტყვავილას დროს, როგორც წესი, ძალიან მაღალია გადამდებლობა, წითელას შემდეგ მეორე ადგილზე დგას.
„ბრილიანტის მწვანე“ არა, დაბანა კი – მაია ჩხაიძე გვირჩევს, როგორ მოვუაროთ ბავშვებს ჩუტყვავილას დროს
ჩუტყვავილას გადამდებლობის ინდექსი დაახლოებით 12-ია, ანუ ერთ ინფიცირებულ ადამიანს ძალიან სწრაფად შეუძლია, რომ 12 ადამიანი დააავადოს. გადადება ხდება როგორც ჰაერწვეთოვანი გზით, ისე გამონაყარში, ბუშტუკებში არსებული შიგთავსის მოხვედრით. მისი ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 14-21 დღეა. გამონაყარის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ადამიანი უკვე გადამდებია. გადამდებლობა წყდება, როდესაც ბოლო გამონაყარიდან ფუფხები გამოჩნდება, ამის შემდეგ დაახლოებით 5 დღე მაინც არ არის სასურველი სხვა ადამიანებთან კონტაქტი. არ საჭიროებს განსაკუთრებულ მკურნალობას.
გართულებები ახასიათებთ იმუნოკომპრომეტირებულ ან თანმხლები დაავადებების მქონე ბავშვებს. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გართულება ენცეფალიტია. ძალიან ხშირად ვითარდება რბილი ქსოვილების ინფექცია, რადგან თვითონ ბუშტის შიგთავსში იჭრება ინფექცია და ინფიცირდება. ხშირად გამიგია, რომ მშობელს ჩუტყვავილას დროს ბავშვის არ დაბანას ურჩევენ, მაგრამ პირიქით, ბავშვი უნდა დაიბანოს ბაქტერიციდული დასაბანი საშუალებებით და შემდეგ მას უნდა წაუსვათ ალკოჰოლის შემცველი ბეტადინის ხსნარი. „ბრილიანტის მწვანე“ ამოღებულია ხმარებიდან, რადგან აბსოლუტურად შლის სურათს და მწვანე შეფერილობაში შეუძლებელია გამონაყარის მდგომარეობის დანახვა. ასეთ დროს აუცილებელია, რომ ბავშვი სითხეებით დავტვირთოთ.
აღსანიშნავია, რომ მოზრდილ ადამიანებში ბავშვთა ინფექციები მძიმედ მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება ჰერპესის საწინააღმდეგო დასალევი პრეპარატების დანიშვნა გადაწყვიტოს. თუ ენცეფალიტი დადასტურდება, აუცილებელია ინტრავენური ჰერპესის საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარება, რომელიც 2 კვირიან კურსს გულისხმობს. შეიძლება იყოს ქავილი და ამის შესამცირებლად ანტიჰისტამინურ ან სხვა პრეპარატებს ვნიშნავთ. მოვლა სჭირდება პირის ღრუსაც. მოზრდილმა ადამიანმა საკვების მიღების შემდეგ აუცილებლად უნდა გამოივლოს შესაბამისი ხსნარი, რომ საჭმლის ნარჩენებისგან არ მოხდეს პირის ღრუს დაბინძურება და დაინფიცირება. ინფექციის დროს ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს იზოლირებული, რომ სხვა ადამიანებსაც არ გადასდოს“ – განაცხადა მაია ჩხაიძემ