წინასწარი მონაცემებით, თურქეთში გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს, თუმცა მას ამომრჩევლების ხმების 50%-ზე ნაკლები აქვს მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, ორ კვირაში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, ქემალ ქილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ მეორე ტურში გამარჯვებას მიაღწევს და ქვეყანაში „დემოკრატია დამკვიდრდება“.
„თუ ერს მეორე ტური სურს, მაშინ ჩვენ მას მივესალმებით. ჩვენი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ამ ქვეყანაში დემოკრატიას მოვიტანთ“, – აცხადებს ქილიჩდაროღლუ.
მისი თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“, ვერ მიაღწიეს იმ შედეგს, რასაც ელოდნენ.
„ერდოღანმა ხალხისგან ნდობის ხმა ვერ მიიღო. საზოგადოებაში ცვლილების სურვილი 50%-ზე მეტია“, – აღნიშნა ქემალ ქილიჩდაროღლუმ.