„ფრენებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია. რა თქმა უნდა, სანქციებს არ ვაწესებთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საუბრის დროს განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძე თქვა, „ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები, რომ ფრენების აღდგენა უმძიმესი მოვლენაა, არის სპეკულაცია“.
„ფრენებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია, რა თქმა უნდა, სანქციებს არ ვაწესებთ. მაშინ, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომს 500 ადამიანი შეეწირა და 30 00 ადამიანი დევნილად იქცა, მაშინ ხელისუფლება რუსეთთან დაახლოებაზე საუბრობდა. დღეს მათი მხრიდან საუბარი, რომ ფრენების აღდგენა უმძიმესი მოვლენაა, უბრალოდ სპეკულაციაა და მეტი არაფერი.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დღეს „უმძიმეს დღეზე“ საუბრობდა, თავად საკუთარ სახლში რუს მდგმურებს იღებს. ასევე, ხოშტარია რუსულ რუბლებს პირდაპირ რუსეთის ხაზინიდან იღებს. მათთვის, რატომღაც, ასეთი ფაქტები, დისკომფორტის შემქმნელი არ არის. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებენ.
ახლა დიპლომატიურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და, თუ შეიძლება, აზრიანი კითხვები დასვით. „ნაცობა“ გონების დაბინდვაა. რომ ხართ „ნაციონალი“, ეს ნიშნავს იმას, რომ დაბინდული გონება გაქვთ და შესაბამისად ასეთი არააზრიანი კითხვებით ხართ აღჭურვილი.
IRI-ს გაყალბებულ კვლევაშიც კი, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთში ფრენების აღდგენას ემხრობოდა“, – თქვა კობახიძემ.
ცნობისათვის, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ განკარგულების გაცემის შემდეგ, დღეს თბილისის აეროპორტში პირველი თვითმფრინავი დაჯდა.
აეროპორტში იმყოფებიან მოქალაქეები, სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოსკოვიდან ავიარეისების შესრულებას აპროტესტებენ. „არა რუსულ ფრენებს“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
სამართალდამცველებმა აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.
აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე დააკავეს